ალბათ ყველას გაუგია გამოთქმა: „სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია“, აი მე კი, პირიქით დამემართა ჩემს დროებით მშობლიურ მაღლივზე.
თსუ-ს აბიტურიენტობიდანვე სახლად აღვიქვამდი, მეორე კორპუსთან ჩავლისას გული სიხარულით მევსებოდა და შევნატროდი იმ დღეს, როცა პირველად შევაბიჯებდი „დედა უნივერსიტეტის“ მეორე კორპუსში, ,,მაგრამ საწუთრო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?“ სწავლის დაწყებიდან 1 კვირით ადრე უბედურების ზარმა ჩამოკრა და რემონტის გამო „მშობლიური“ მეორე კორპუსის სტუდენტები გადაგვანაწილეს. მე კი მაღლივი მხვდა წილად.
ჯერ სწავლა არ მქონდა დაწყებული და ამხელა გზის წარმოდგენაზე უკვე მბურძგლავდა, მაღლივზე ხმებიც მალ-მალე მოდიოდა ჩემთან და უკვე აღარ მინდოდა უნივერსიტეტი. პირველი კურსის პირველ დღეს სულ ფეხის თრევით მივედი მაღლივში, თან გული მეწვოდა, როცა ვხედავდი, რომ ჩემამდე მოსული ჭორებიდან თითქმის არაფერი იყო ტყუილი. ლიფტში პირველივე დღეს გავიჭედე, მერე მითხრეს ისეთ დღეშია ტროსები მალე ჩაწყდება ეგო, ამის მერე ყველა გაჩერებაზე ცხოვრების ამაოებაზე ვფიქრობდი და ანდერძს ვწერდი, თან მე-12 სართულზე დილის 9 საათზე ასვლას ვინ ეხუმრება?!
ნელ-ნელა ზამთრის საშინელმა სიცივემაც შემოაღო მაღლივის კარები, მე კი, სტოკჰოლმის სინდრომიანს, მაღლივი შემიყვარდა… გუდფუდის გაყინული ლობიანები, ცივი, ნაცრისფერი მაღლივი, სიშორე, ლიფტის შიში ჩემთვის მეასე ხარისხოვანი გახდა და საგონებელში იმან ჩამაგდო მეორე კორპუსში დაბრუნება როგორ ამეცილებინა თავიდან. მართალია, შეჩვეული ჭირი ჯობია და ვაკეში ჩასვლისას ტკივილით ვუყურებდი, როგორ ამთავრებდნენ ნელ-ნელა მეორე კორპუსის რემონტს და უკვე მენატრებოდა მაღლივი, ადგილი, სადაც პირველად ვიგემე სტუდენტობა და თავი დამოუკიდებელ ადამიანად ვიგრძენი.
ასე რომ, მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო მართალი აღმოჩნდა. მომავალ პირველ კურსელებს კი მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ: პირველივე წუთიდან არ შეიძულოთ ადგილი, რომელიც მომავალში თქვენი სახლი და, სავარაუდოდ, საყვარელი ადგილი გახდება. ყველაფერი ნელ-ნელა ხიბლს იძენს და საერთოდ არაფრად ჩათვლით მგზავრობაში დაკარგულ დროს, სიცივეს და შეგიყვარდებათ კიდეც.