ცხოვრებისეული გამოცდილება Erasmus + პროგრამის ფარგლებში, ინტერვიუ ნიკა ქიმერიძესთან

ნიკა ქიმერიძე გახლავთ Erasmus + პროგრამის ორგზის სტიპენდიის მფლობელი გერმანიასა სა ნორვეგიაში. იგი ასევე გახლავთ FLEX (მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის) კურსდამთავრებული ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ნიკა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტერის სტუდენტი, არაფორმალური განათლების ტრენერი და უცხო ენათა პედაგოგია.

– გვესაუბრე რომელ ქვეყანაში იყავი, რომელ უნივერსიტეტში და რატომ აირჩიე სწორედ ეს?
ჩემი ცხოვრებისეული გაამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი გაცვლითი პროგრამის მონაწილე გავხდი და ზუსტად ამ პროგრამების საშუალებით შევიძინე კონკრეტული ცოდნა და კომპეტენციები, რომელთა გამოყენებაც, ცემს პროფესიონალიზმის მაღალ დონეს შეესაბამება.
დღეს მსურს ვისაუბრო ჩემს ბოლო გაცვლით Erasmus + პროგრამაზე გერმანიის საკმაოდ პრესტიჟულ, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hochschule Koblenz University of Applied Sciences), რომლის ფარგლებშიც მოვიპოვე DAAD-ის სტიპენდია და ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ამ უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი გავხდი.ბავშვობიდანვე გერმანული ენისა და კულტურის შესწავლის ღრმა ინტერესი გამაჩნდა. აქედან გამომდინარე, მუდამ მსურდა გარკვეული ვადით მაინც მესწავლა ამ ქვეყნის წარმომადგენლებისაგან და როდესაც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა გაცვლითი პროგრამის კატალოგი, ჩემი ყურადღება მიიპყრო ზუსტად ამ უნივერსიტეტმა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობდა არა მხოლოდ საინტერესო სტუდენტურ გამოცდილებას, არამედ ასევე მოიცავდა საკმაოდ მცირე ზომის კომუნას, რომელშიც სტუდენტს შეეძლო დასახლება და საკუთარი წილი გერმანიის აღმოჩენას.გაცვლით პროგრამაზე განაცხადის შეტანის დროს საკმაოდ დიდი ყურადღება მივაქციე ორ კრიტერიუმს: სასწავლო გეგმას და იმ საზოგადოებას, რომელთან ურთიერთობაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მომიწევდა. ამ ორივე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის შემოთავაზებამ, ნამდვილად შეძლო.

– როგორ განსხვავდებოდა იქაური სწავლის მეთოდი ჩვენი სწავლების მეთოდისაგან?
სწავლების მეთოდი კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სრულად განსხვავებულია ჩვენისაგან. ყველაზე დიდი გამოცდილება, რომელიც სტუდენტმა ამ უნივერსიტეტისაგან შეიძლება მიიღოს არის სტაჟირება, რომელშიც უნივერსიტეტი 15 ECTS კრედიტების შესაბამის შეფასებას გაძლევს. სტაჟირება მთელი სემესტრის განმავლობაში გრძელდება და სტუდენტებს უამრავ საინტერესო შესაძლებლობას აძლევს.აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი საგნები 2 ან 3 კრედიტიანია, რაც ნებისმიერ სტუდენტს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გამოიყენოს კრედიტების აკუმულაციის სისტემა (მინიმუმ 30 კრედიტი) და უამრავ საინტერესო კურსზე დასწრებით ძალიან დიდი ცოდნა მიიღოს კონკრეტულ დარგებში.
ძირითადი სემესტრი 2 ნაწილად არის გაყოფილი და საგნების ნაწილი ერთ ნახევარში, ან მეორეში ისწავლება. ასევე არსებობს კონკრეტული საგნები, რომლებიც სრული სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო საგნები, რომლებსაც მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ესწრები (ე.წ. სემინარები) და ამის შემდეგ იღებ დავალებას, რომლის დაწერის შემდეგაც შეგიძლია 2 ან 3 კრედიტი დააგროვო. ეს სემინარები ძირითადად შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც სრული განაკვეთით მუშაობს.

 

– გვესაუბრე იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელთან გამკლავებაც მოგიწია მობილობის პერიოდში.
ძირითადი გამოწვევა ალბათ კვლავ ენის ათვისება და კულტურული ნორმების შესწავლაა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, სადაც სრულად სხვა კულტურული მემკვიდრეობაა, თავიდან გიჭირს შეგუება. მახსოვს, საქართველოში მუდამ ვაღებ კარს ნებისმიერი ადამიანის დანახვისას და პირველს მას ვატარებ, ხოლო შემდეგ მე მივყვები. ამით ქართულ კუტლურაში, მე გამოვხატავ კონკრეტული ადამიანისადმი პატივისცემას.
ჩემთვის საკმაოდ რთული იყო ამ ქმედებისგან გადაჩვევა, თუმცა ეს გერმანიაში მომიწია. როგორც აღმოვაჩინე, ნებისმიერი ადამიანი გერმანიაში (განსაკუთრებით ახალგაზრდები), ფიქრობს რომ საკმარისად დამოუკიდებელია რათა შესასვლელი კარი თავად გააღოს. როდესაც მათთვის კარს აღებ, უკვირთ და ზოგს საერთოდაც არ სიამოვნებს.
ამიტომაც, მნიშვნელოვანი იყო მე ეს ჩვევა გერმანიაში შემეცვალა. ყველაზე დიდი გამოწვევა ნებისმიერი ქვეყანაში არის ალბათ მათი კულტურის მორგება. თუმცა, ეს პროცესი გამოწვევასტან ერთად, საკმაოდ საინტერესოც არის.

– როგორც ვიცი მანდ არამხოლოდ სტუდენტის რანგში იყავით. გვესაუბრეთ როგორი იყო ლექტორობა უცხო ქვეყანაში?
ნამდვილად საინტერესო ფაქტია ის, რომ ჩემი გაცლვითი პროგრამის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროფესიის მოგება მომიწია. სანამ უნივერსიტეტი დამასაქმებდა, ვმუშაობდი სწრაფი კვების ობიექტ McDonalds-ში, სადაც ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია 10 საქმე ერთდროულად აკეთოს.
მას შემდეგ, უნივერსიტეტმა მომცა საშუალება მემუშავა კვლევებზე, რომლებიც მჯერა საკმაოდ დიდ როლს შეასრულებენ გერმანიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში.
ასევე მომიწია ინგლისური ენის ლექტორის როლის მორგებაც, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. ასწავლო უცხო ქვეყანაში, ეს არის უდიდესი გამოცდილება, რომელიც ნათლად გაჩვენებს უცხო ქვეყნის სტუდენტების მოტივაციას და სწრაფვას საკუთარი ცოდნის გაღრმავებისა.
მათთვის შეფასების წერამ და უკუკავშირის მიცემამ კი საკმაოდ დადებითად იმოქმედა ჩემს კონსტრუქციული უკავშირის მიცემის უნარებზე.

– რაიმე საინტერესო ან სახალისო ისტორიას ხომ არ გაიხსენებდი, რაც გადაგხდა მობილობის დროს?
ყველაზე სახალისო მოგონება მოგზაურობასთან არის დაკავშირებული. ერთ დღეს, უნივერსიტეტის კაფეტერიაში სრულად დაუფიქრებლად გადავწყვიტეთ იტალიაში, რომში წავსულიყავით და რადგან ბილეთების ფასი რეკორდულად დაბალი იყო, მაშინვე ვიყიდეთ.
თავად რომი საკმაოდ საინტერესო ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი მქონდა სულ რომის მოსანახულებლად, მგონი ზედაპირულად ყველაფერი ვნახე. მოსაღამოვდა და უკვე ყველა დავიღალეთ. თავსაც ვერ ვგრძნობდი კარგად და გადავწყვიტე ჩემს ერთ მეგობართან ერთად ღამე აეოპორტში გამეტარებინა. ზუსტად ამიტომ, ორნი აეროპორტში წამოვედით და ჩემ სამმა მეგობარმა რომის დათვალიერება ღამე გადაწყვიტა.
მოკლედ მივედი აეროპორტში, მოვკალათდი და ზუსტად რამდენიმე საათში გამოაცხადეს, რომ აეროპორტი იკეტება და ყველანი გარეთ უნდა გავიდეთ. არ მიფიქრია, რომ აეროპორტს დაკეტავდნენ, თუმცა წესიერად არც გამიაზრება ისე აღმოვჩნდი ქუჩაში და დაახლოებით 6 საათი გარეთ მომიწია ყოფნა.
საკუთარ თავზე თან ვბრაზდებოდი და თან მეცინებოდა. ამიტომ, რჩევა ყველას ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, სანამ აეროპორტში ღამის გატარებას დააპირებთ, შეამოწმეთ მისი სამუშაო საათები.

– როგორ გეხმარება დღეს, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მობილობის განმავლობაში მიიღე უნივერსიტეტში?
ჩემთვის ცოტათი რთულია იმის განსაზღვრა როგორ მეხმარება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში მივიღე, მაგრამ შემიძლია ზოგადად, ყველა გაცვლითი პროგრამის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე ვისაუბრო.
უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის მარტივია საერთაშორისო კავშირების დამყარება, რაც ხელს უწყობს ჩემს, როგორც პირად ასევე პროფესიულ ცხოვრებას. შევიძინე უამრავი მეგობარი მთელი მსოფლიოს ირგვლივ, რომლებსაც დღემდე ხშირად ვკითხულობ. ამიტომ, მათი კულტურული ნორმების გათავისება დამეხმარა საერთაშორისო დონის მოლაპარაკებების ეფექტიანად ჩატარებაში.
ასევე გავიუმჯობესე ისეთ უცხო ენათა ცოდნა როგორიცაა ინგლისური, გერმანული და ნორვეგიულიც კი. ამ უცხო ენების ცოდნა მეხმარება მრავალი საინტერესო სიახლის წაკითხვაში, რომელთა ანალიზი ჩემს განვითარებაზე მოქმედებს დადებითად.
ასევე შევისწავლე სწავლების სხვადასხვა მეთოდები და მათგან საუკეთესო მეთოდებს ვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან.
კიდევ სხვა მრავალი ასპექტია, რომელიც ამ გაცვლითი პროგრამების განმავლობაში გავიუმჯობესე თუ შევიძინე. ზუსტად ამიტომ, ყველა სტუდენტს მაქსიმალურად ვურჩევ გამოიყენონ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა.

– რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომლების აპირებენ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში?
უპირველეს ყოვლისა, ვურჩევ ყველა სტუდენტს, გამოსცადოს საკუთარი თავი და მიიღოს ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. გაცვლითი პროგრამა ნამდვილად აყალიბებს იმ უნარებს, რომლებსაც მშობლიურ ქვეყანაში რთულად თუ მიიღებთ.
ასევე, ყველა მოქმედ სტუდენტს ვურჩევ არ დაკარგოს დრო ტყუილად. უნივერსიტეტებში ეცადოს სამეცნიერო საქმიანობაში ჩაერთოს, იმუშაოს, დაესწროს სხვა ლექტორების კურსებს, წეროს სტატიები და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გაერთოს საუნივერსიტეტო ცხოვრების გარეთ.
მათ, ვისაც მონაწილეობის მიღება სურს, ვურჩევ იმუშაოს ბევრი საკუთარი ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად, რადგან ეს არის წინაპირობა კარგი გასაუბრებისა. აუცილებლად ეცადეთ მაღალი აკადემიური მოსწრება გქონდეთ, რადგან ამ კომპონენტს საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა.
ასევე ვურჩევ ყველა პოტენციურ Erasmus + გაცვლითი პროგრამის მონაწილეს, ჩაერთოს კონფერენციებში, საერთაშორისო და ლოკალურ მოხალისეობრივ საქმიანობაში, იყოს აქტიური მოქალაქე და ისწრაფვიდეს თვითგანვითარებისკენ. წარმატებული მონაწილეობა ამ პროგრამებში, უპირველეს ყოვლისა აქტიური მოქალაქეობით და საკმაოდ ძლიერი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით განისაზღვრება.