თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა თითოეული აბიტურიენტისთვის უთუოდ ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს. მაგრამ აქ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს და ამაზე, ფაქტობრივად, არავინ საუბრობს. მიზეზი ბევრია, ყველაზე მთავარი ისაა, რომ არავის უნდა, იმ ადამიანების მრისხანება გამოიწვიოს, ვისაც მათთვის დიპლომის მიცემა-არმიცემის საკითხის გადაწყვეტა ევალება. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ პოსტს ახლა მეც ანონიმურად ვაქვეყნებ. თუმცა მაინცდამაინც მხდალიც რომ არ გეგონოთ, იმასაც ვიტყვი, რომ ამაზე ღიად საუბრის აზრს ვერ ვხედავ: შედეგი ყოველთვის ტკბილი და არაფრისმომცემი სიტყვებია, რომლებიც პოლიტიკოსების დაპირებების მსგავსად ბამბის ნაყინივით სწრაფად დნება.
აქ ჩაბარებამდე ახალგაზრდებს აქვთ იმის ილუზია, რომ ისწავლიან ბევრს, გაივლიან პრაქტიკას და პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან. სინამდვილეში რა ხვდებათ? სისტემა, რომელის 90%-ით გაუმართავია და უკვე იმდენად აუტანელიც, რომ მისი დანგრევის გარეშე შეუძლებელია რამის გამოსწორება.
ჩემი მონოლოგი ერთობ გაწელილი რომ არ გამოვიდეს, შევეცდები პუნქტებად ჩამოვაყალიბო სათქმელი:
1. პოლიტიკა აქაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს კი უბრალოდ საძაგლობაა, რადგან იქ, სადაც ჩვენ განათლებას ვიღებთ, არც ლექტორების დისკრიმინაცია უნდა ხდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, არც პირიქით _ აღზევება. მაგრამ ხდება და თანაც _ რამდენჯერაც გინდათ. მერე ამის შესახებ მხოლოდ მოარული ჭორები რჩება და სიმართლეს ბოლომდე მაინც ვერ იგებ.
2.ზოგი ლექცია იმდენად დიდი დროის კარგვაა, რომ მოგინდება იტირო, იყვირო და მერე თავქუდმოგლეჯილი გაიქცე აუდიტორიიდან. ან ჯერ ლექტორს უთხრა, როგორ ახერხებს, რომ მისი სიტყვები იავნანად ჩაგესმოდეს ისე, რომ შინაარსს ვერ იგებდე. ან კი იგებდე, მაგრამ ის არ გესმოდეს, ამ შინაარსს რატომ გიყვებიან, ვერ ხვდებოდე, რაში გარგია. ზოგი-თქო კი ვთქვი, მაგრამ ეს ,,ზოგი” არცთუ ისე ცოტაა. საუბედუროდ…
3.ყველაზე საზიზღარი ის მომენტია, როცა რომელიმე პროგრამის ხელმძღვანელობა მოჩვენებით შეხვედრებს აწყობს, სადაც თითქოსდა შენი პრობლემის მოსმენა სურთ. სინამდვილეში, ეს კრებები წმინდა ფორმალობაა და მისი ერთადერთი მიზანი ისაა, შეგახსენონ, რომ უნდა გიხაროდეთ ქვეყნის ნომერ პირველ უნივერსიტეტში სწავლა და კიდევ ის, რომ ისინი ყოვლისშემძლენი არ არიან და არ შეუძლიათ გაუმკლავნდნენ იმას, რომ აუდიტორიებში ნახევრად არ ბნელოდეს, ან იმას, რომ სემესტრულ ცხრილებში საგნები ისე არ იყოს გადანაწილებული, რომ ერთ სემესტრში ყველაფრის ერთად სწავლა გიწევდეს, მაშინ, როცა მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ბევრს არაფერს აკეთებდი. ის ცალკე უბედურებაა, რომ ამის გამო ყველა ლექტორს ჰგონია, რომ რაღაც საფუძველი უკვე გაქვს, შენ კიდევ პროფესიის ყველა ტიპს ერთდროულად გადიხარ და ,,ოროსნულად” წუწუნებ იმაზე, რომ ჯერ არ იცი თუნდაც მესამე კურსზე როგორ დაწერო სტატია სწორად. მოკლედ ეს შეხვედრები წყლის ნაყვაა, რა.
4.ქულების წერის ტექნიკებზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. ოო, ეს ძალიან საინტერესო თემაა. ზოგს მაგრად კიდია, შედეგი ქულას შეესაბამება თუ არა და ყველას განუხრელად მაღალ ქულას უწერს. ზოგი, პირიქით, ცდილობს, რომ მაღალკვალიფიციური გამოჩნდეს და ამისთვის ქულებს პანტაპუნტით აკლებს. ზოგი ხაზს უსვამს იმას, რომ კეთილია და ერთ ქულას მოგიმატებთ, თუ სტიპენდიაზე გადიხართ. თუ არადა, რაში გჭირდებათ მაღალი ქულები, თქვენ ხომ ქულისთვის არ სწავლობთ?
5.ლექტორთა ნაწილი ვერც და არც პირად სიმპათიებს მალავს სტუდენტების მიმართ. ჰოდა, იმდენი საინტერესო ღონისძიება შეიძლება გამოტოვო, თუ ,,ფავორიტებში” ვერ მოხვდები, რომ აზრზეც ვერ მოხვალ. ერთი ან ორი წლის მერე ( თუ სასწაული არ მოხდა და ამბავი დროზე ადრე არ გასკდა) გაიგებ და გაოცდები. ეს ყველაფერი რომ კურსელებს შორის განხეთქილებას იწვევს და აგრესიას აგროვებს, ეს ცალკე თემაა და, როგორც ჩანს, საერთოდაც არ აღელვებს უფროსობას.
რაც დავწერე იმ მარაზმის აისბერგის მხოლოდ წვერია, რომელსაც თსუ-ში წავაწყდი. ნებისმიერ ვარიანტში, მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი. მიყვარს და გულს მტკენს ის ყველაფერი, რაზედაც ვილაპარაკე. ილიას თქმისა არ იყოს, სარკეს მხოლოდ ის მოგიტანთ ნაკლოვანების დასანახად, ვინც თქვენზე დარდობს. მე კიდევ ჩვენზე ვდარდობ. ყოველდღე ვიგებ რაღაცას, რაც მაინც მაოცებს და მაბრაზებს. არ ვიცი, ეს პოსტი რას შეცვლის, რას დაეთანხმებით და რას _ არა. უბრალოდ მინდოდა, თუნდაც ასე შორიდან და ზოგადად განმეხილა ის, რამაც კინაღამ მთლიანად დამაკარგვინა მოტივაცია სულ ცოტა ხნის წინ. მოტივაციის დაკარგვა რა საძაგელი რამეცაა, ეს ჩემზე ცუდად არ გეცოდინებათ.
თსუ მხოლოდ სახელი არაა დარჩენილი, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე მოვა და აქაურობას ამ ასწლოვან მტვერს გადაწმენდს ( პირველი კორპუსის კიბის უჯედებში რომ ფანჯრებია, იმით უნდა დაიწყოს), ყველანი ბევრად უფრო ბედნიერები, წარმატებულები და განათლებულები ვიქნებით.