ბუნება ზოგადად პატარაობიდან ძალიან მიყვარდა,რეგიონში ვცხოვრობდი და შესაბამისად ახლო შეხება მქონდა მასთან.პატარ-პატარა ლაშქრობებზე სკოლიდანვე დავდიოდი, მიყვარდა ექსკურსიებიც და ერთი სული მქოდა წლის ბოლო როდის მოვიდოდა სკოლაში.უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ როდესაც გავიგე, რომ არსებობდა თსუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი,არც კი დავფიქრებულვარ ისე მოვამზადე საბუთები და გავწევრიანდი მასში.
პირველი კურსი ცოტათი პასიური იყო, მხოლოდ ექსკურსიებით შემოიფარგლებოდა,მაგრამ ესეც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა,რადგან კარგ ხალხთან და ლამაზ ბუნებასთან მქონდა შეხება.მაგ დროს მოვინახულე დაშბაშის კანიონი და სახლში ჩამოსვლისთანავე გულში ვამბობდი სამოთხიდან დავბრუნდითქო.
რაც შეეხება მეორე კურსს, ესეც ექსკურსიებით და ტურებით დაიწყო.მოვინახულე ბათეტის ტბა და რკონი შემოდგომის ულამაზეს ფერებში ჩაფლული.ამის შემდგომ იყო ჩემი პირველი ლაშქრობ კარვებით თეთრიწყაროში სადაც ეკომოლაშქრეთა კლუბიდან წავედით.ეს ლაშქრობა, ალბათ, არასდროს დამავიწყდება.პირველად მოვხვდი ღამით ასეთ სიცივეში.-10 გრადუსში გვეძინა,უფრო სწორად ეძინათ, რადგან მე არ დამძინებია იმდენად გაყინული ვიყავი.მახსოვს სურვილი ჩავიფიქრე როდესაც კარავში პირველად დავწექი,რომ კიდევ მრავალჯერ ვყოფილიყავი ლაშქობებში და მემგონი ნელ-ნელა ეს სურვილიც მიხდება.
შემდეგ ვიყავი: დიდგორის ველზე,ყაზბეგში,ბორჯომში-კახისის ტბაზე,მესტიაში,უშგულში,მანგლისში,ექვსდღიან ლაშქრობაში სამეგელო-იმერეთში,სადაც მოვინახულეთ:სამცვერას ჩანჩქერი,ოკაცეს კანიონი,ლომინას ჩანჩქერი,კინჩხას ჩანჩქერი,ნოქალაქევი- სამეგრელოში,ინწრას ჩანჩქერი და რუხის ციხე.შემდეგ მოვინხულე: გომის მთა,კვლავ დაშბაშის კანიონი და ვერეს ხეობა.ამ ლაშქობებმა უზღვავი ემოციები გამოიწვია ჩემში.ლაშქრობა ყველზე კარგი შესაძლებლობაა ახალი მეგობრების შესაძენად.ხალხთან ურთიერთობა კიდევ ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.ლაშქრობის პროცესში ოჯახის წევრებად აღიქვამ იმ ხალხს, ვისთან ერთადაც გიწევს ყოფნა.
მინდა გამოვყო ის ორი ადგილი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.ესენია უშგული და გომის მთა.ორივეს ნახვა ჩემი დიდი ოცნება იყო.უშგულში ყოფნისას სუნთქვა მეკვროდა, როცა ჩემს ირგვლივ ამდენ მთას ვხედავდი, ამდენ სილამაზეს და სიდიადეს.ვიყავით ასულები საქართველოს უმაღლესი მწვერვალის შხარას ძირში.სხვაგან, ალბათ, არსად ისეთი ბუნება არ არის როგორიც მთაშია.იქ ყველაფერს სხვა ხიბლი აქვს,სხვა სურნელი…
რაც შეეხება გომის მთას,მთელი გაზაფხული და ზაფხული ვოცნებობდი მანდ წასვლაზე და ღრუბლების ზღვის ნახვაზე.ვუყურებდი სურათებს,ვიდეოებს და ტირილი მინდოდა… იმის მიუხედავად რომ ზაფხულში არანაირი სალაშქრო აღჭურვილობა არ მქონდა, მაინც არ შევწყვიტე ჩემი ოცნებისთვის ბრძოლა და ყველაფერი ვიშოვე და წავედი ჩემს ორ მეგობართან ერთად ავტოსტოპით საჩხერიდან,დიდი გამოცდილება არცერთს არ გვქონდა და არც ვიყავით დარწმუნებულები იმაში ჩავიდოდით თუ არა დანიშნულების ადგილამდე.მაგრამ ეს მაინც შევძელით და დიდი წვალების შემდგომ ავედით გომის მთაზე,არც კი მეგონა რომ შეიძლებოდა ღრუბლები დამხვედროდა და თან მზეც,რომელიც სულ რამდენიმე წუთში უნდა ჩასულიყო ღრუბლებში,მაგრამ ეს ოცნებაც ამიხდა და ზუსტად იმ მომენტს მივუსწარით,როდესაც ჩვენს ქვემოთ ღრუბლების ზღვაში მზე ჩადიოდა წითლად და თან ამ ღრუბლების უკან ნამდვილი ზღვაც მოჩანდა.იმდენად ემოციებში ვიყავი ვერც კი აღვიქვი ეს სილამაზე და შემდეგ დღეებში გავაცნობიერე, თუ რა სასწაულია ბუნება და რა მდიდარია ჩვენი პატარა ქვეყანა ამ სასწაულებით.
ამ ეტაპზე დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ ლაშქრობაში წასვლას,მაგრამ მჯერა, რომ თუ მოვინდომებ ყველაფერს შევძლებ და ყველაფერს მოვასწრებ.უკვე დავიწყე სალაშქრო აღჭურვილობის შეძენაც და უცილებლად გავაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას და სხვებსაც შევაყვარებ მას.ჩემი ოცნებების პირველ ათეულში ბევრი ლაშქრობა და მოგზაურობა შედის და მჯერა, რომ ეს ოცნება რეალობად მექცევა…