„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ – სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი
როგორც უკვე იცით, გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი – ”გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე კარგად ცნობილ მწერლებს (იხილეთ პირობები). – როგორ დავწეროთ ბესტსელერი? – ამ კითხვის პასუხად, ჯოან როულინგის რჩევები უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. კინგი, რომელიც მრავალი ბესტსელერის ავტორია და რომლის წიგნების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული, საიდუმლოებებს გვიმხელს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ საინტერესო ნაწარმოები.
1. ბევრი იკითხე და ბევრი წერე თუ გინდა იყო მწერალი, პირველ რიგში ეს ორი რამ უნდა გააკეთო: ბევრი იკითხო და წერო.
2. ცუდი წიგნი უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე კარგი ყველაზე კარგად ისწავლი, რა არ უნდა გააკეთო, როცა ცუდ პროზას კითხულობ.
3. კარგი წიგნი, მკითხველ მწერალს – სტილს ასწავლის კარგი წიგნები მწერალს ასწავლის სტილს, გადმოცემის ფორმას, სიუჟეტის განვითარებას, რეალისტური პერსონაჟების შექმნას და სიმართლის თქმის უნარს.
4. აკეთე ის, რაც მოგწონს თუ იპოვი იმას, რის ნიჭიც გაქვს, იქამდე უნდა აკეთო ის, ვიდრე თითებიდან სისხლი არ წამოგივა და თვალები ბუდიდან გადმოცვენას არ დააპირებს. მაშინაც კი, როცა არავინ გისმენს, არავინ კითხულობს, ან გიყურებს, ყოველი ასეთი ქმედება – ოსტატური სპექტაკლია, რომელშიც შენ, როგორც შემოქმედი – ბედნიერი ხარ.
5. მუშაობა მშვიდ გარემოში შენ გჭირდება კაბინეტი, რომელსაც აქვს კარი. დახურული კარი – ეს არის საშუალება, უთხრა მთელს მსოფლიოს და საკუთარ თავს, რომ სრული სერიოზულობით იწყებ საქმის კეთებას და იწყებ წერას.
6. დაისახე მიზანი შენ უნდა დაისახო კონკურეტული მიზანი სამუშაო დღისთვის. მე გთავაზობ დღეში 1000 სიტყვას! დასაწყისისთვის, შეარჩიე ერთი დღე კვირაში, განმარტოვდი კაბინეტში, დახურე კარი და დაიწყე 1000 სიტყვის ფურცელზე გადატანა.
7. თავიდან მოიშორე ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავს კაბინეტიდან გაიტანე ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა სულელური ხელისშემშლელი ვიდეო თამაშები. ფანჯარას კი ფარდა ჩამოაფარე.
8. ხმაური თუ სიწყნარე? მოცემული პუნქტი თქვენს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად მე, ხმამაღალი მუსიკის ქვეშ ვწერ. როდესაც წერ, ხომ გინდა, ამ სამყაროდან წახვიდე? რა თქმა უნდა! როდესაც წერ, შენ საკუთარ სამყაროს ქმნი.
9. ნუ დაელოდები მუზას, დაიწყე მუშაობა და ის თავად მოგძებნის
10. რაზე უნდა წერო? შეხვედი კაბინეტში, დახურე კარი, ჩამოუშვი ფარდა, ტელეფონი გამორთე. განეწყვე, რომ 1000 სიტყვა უნდა დაწერო და მაშინვე ჩნდება კითხვა: რაზე უნდა დავწერო? სერიოზული პასუხი: რაზეც გინდა! მთავარია, სიმართლეს ამბობდე. თუ დეტექტივი მოგწონს, დეტექტივი დაწერე. დაწერე რაც გინდა, შემდეგ მას სიცოცხლე შთაბერე და უნიკალური გახადე, დაუმატე ის, რაც იცი: მეგობრობა, სიყვარული, სექსი, ცხოვრების შენეული ხედვა. მე ღრმად მწამს: წიგნებს არ წერენ, წიგნი თავად იწერება.
11. კარგი აღწერა + ისტორიის მოყოლა = საინტერესო წიგნს აღწერა – აი, რა ხდის მკითხველს შენი ისტორიის მონაწილედ. აღწერე ისე, რომ მას კანზე უხილავმა ჭიანჭველებმა გადაურბინონ. ზედმეტად გაწელილი ახსნა მკითხველს სწრაფად ბეზრდება, მას არც „ძუნწური“ თხრობა მოსწონს. საიდუმლო -ოქროს შუალედის დაცვაშია.
12. დიალოგები გეხმარება გმირების ხასიათის განსაზღვრაში დიალოგი არის კარგი საშუალება, მოუსმინო საკუთარ პერსონაჟებს და მათი ხასიათი უკეთ გაიგო. დაიმახსოვრე: არასოდეს მოყვე ის, რისი ჩვენებაც შეგიძლია! ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოები ყოველთვის ადამიანებზეა და არა მოვლენებზე. სტივენ კინგი აქტიურად თანამშრომლობს რედაქციებთან. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც რედაქცია გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს. მაგალითად, ეუბნება ჟანრს და რომანის მოცულობას. მწერალი კი თავის მხრივ, ამას ითვალისწინებს და იწყებს წერას. ასე, რომ თუ წერა კარგად გამოგდით და გაქვთ ამბიცია, დაწეროთ ბესტსელერი, ნუ დაელოდებით მუზას, როგორც თავად კინგი იტყოდა, დაიწყეთ მუშაობა და ის თვითონ მოგძებნით. გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: www.palitral.ge