უმაღლესი განათლება – მაღლივი <3

                                      თსუ

უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონს გადაჭარბებულად გამოიმუშავებს. ახლადშეძენილი მეგობარი, თსუ-ს ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი, ეზოში მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. მესმის კალათბურთით დაკავებული ახალგაზრდების შეძახილიც, ზოგი სამზარეულოში ყავას სვამს და საინტერესო თემებზე ესაუბრება თანაუნივერსიტეტელებს, რამდენიმე სტუდენტი კომპიუტერული თამაშებით ერთობა, მათ მოპირდაპირე ოთახში კი ფილმს უყურებენ. გუშინდელი საღამოდან კარაოკე ცეკვა-სიმღერაც უნდა გავიხსენო. ოთახის ფანჯრიდან ერთ ბიჭს ვხედავ, რომელიც ძალიან მონდომებით ვარჯიშობს. აქ ყველაფერია სტუდენტებისთვის და სიამაყით გეტყვით, რომ მე თსუ-ს საერთო საცხოვრებელში ვარ, სადაც თსუ-ს საზაფხულო სკოლა ტარდება. რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში ვესწრებით საინტერესო ტრეინინგებს, რომელებიც ჩვენს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

მაღლივი ….
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, უდიდეს ოჯახს წარმოადგენს. ამ ოჯახში ყველა ფაკულტეტს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები განათლებას უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში ვიღებთ.

ბაღდათის რაიონის ერთ პატარა სოფელში გავიზარდე, 4 კლასიც იქვე დავასრულე(მხოლოდ 4კლასია ჩემთან), ხოლო 8წელი კილომეტრებით დაშორებულ სხვა სოფელში დავდიოდი. ალბათ მიხვდით, რომ თბილისთან არც თუ ისე ხშირი შეხება მქონდა.
მაღლივში ჩემმა დამ მიმიყვანა, რომელიც მთელი გზა მიყვებოდა თავისი სტუდენტობის ამბებს. მანაც ხომ ეს გზა განვლო და მარწმუნდებდა რომ თსუ ხარისხიან განათლებას მომცემდა. შენობამ დიდად ვერ მომხიბლა, ფოტოებში უკეთესი ჩანდა. რეგისტრაცია გავიარე და შინ ბედნიერი დავბრუნდი.

აი, დადგა ნანატრი დღეც. მაღლივში პირველ სემინარზე შევედი, ყველა ჩემსავით ადრე მოსულიყო, ჩუმად ვისხედით ლექტორის შემოსვლამდე. რამდენიმე წუთი ერთმანეთის გაცნობისთბის გამოვიყენეთ და საქმეს მაშინვე შევუდექით, ცოტათი გამიკვირდა. არ ველოდი პირველივე სემინარზე სილაბუსის ზედმიწევნით დაცვას, მაგრამ გამიხარდა მსგავსი წესრიგი.

დაიწყო მისასალმებელი ღონისძიებაც, ქალაქის მერი, ფინანსთა მინისტრი და სხვა წარმატებული ადამიანები გვესაუბრებოდნენ უნივერსიტეტის ღირსებებზე. ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა ერთი გამომსვლელის საუბარი. გოგონა ეკონომისტებს შორის საუკეთესო შედეგით ჩაირიცხა, ის ამბობდა რომ უკვე მეორედ ირიცხებოდა თსუ-ში და იურიდიულ ფაკულტეტის პარალელურად ჩვენთანაც ისწავლიდა. აქვე გეტყვით რომ იგი ჩემი ჯგუფელი და საუკეთესო სტუდენტი აღმოჩნდა. მის გარდა კიდევ უამარავი წარმატებული სტუდენტი გავიცანი და მგონია რომ ჩვენი უნივერსიტეტს მაგიური ძალა შესწევს გამორჩეული ადამიანების მოსაზიდად.

სწავლა…
ბევრი ნაცნობი არ მყავდა ფაკულტეტზე, მხოლოდ ის მქონდა გაგებული ან გიჟი უნდა ვყოფილიყავი ან უნდა გავგიჟებულიყავი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მესწავლა. სასწავლო მასალები უფროსკურსელებმა მაჩუქეს, თურმე ასეთი ტრადიცია ყოფილა ❤ ისღა დამრჩენოდა მაღლივის ყველაზე „სტროგ“ ლექტორებთან თავი არ დამეზოგა. 1-2 კვირა ველოდი როდის გამოაჩენდენ ეს ადამიანები „კლანჭებს“, მაგრამ თურმე საერთოდაც არ ჰქონიათ. საკმაოდ მარტივად და მცირე დროში ვმეცადინეობდი ყველაფერს, ცოტა გამოცდილების ნაკლებობა ეტყობოდა ჩემს საგამოცდო შედეგებს, თუმცა საშუალო ქულა 96ზე მეტი აღმოჩნდა და სტიპენდიატიც გავხდი ფაკულტეტზე მე-13 შედეგით.
მეორე სემესტრში ცხრილის შედგენაზე ბევრი არ მიწვალია და იმედია ეგ პრობლემა არასდროს შემექმნება :დდ კარგსა და საუკეთესოს შორის ყოველთვის საუკეთესოს ვირჩევ და ცოტა იღბალიც უნდა რომ იდეალური ცხრილი მიიღო. (მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ უკვე რიგია) დავიწყე მაღლივევლთავის ყველაზე „საშინელი“ საგნების შესწავლა, მართალია ეს სემესტრი უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ 1-2 საგნის სილაბუსი,აშკარად, საჭიროებს გადახედვას.

თვითმმართველობა… „ბიზნეს ლაბორატორია“… „oikos Tbilisi“…

მეორე სემესტრში გადავწყვიტე ჩემი აქტიური ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო უნივერსიტეტი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები. სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტში დიდი სიხარულით მიმიღეს და მალევე შეძლებისდაგვარად ჩავერთე მათ საქმიანობაში. არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა , რომლებიც სტუდენტთა ინტერესებთან სრული თანხვედრით გამოირჩეოდა. აქ პიროვნულ განვითარებას განვაგრძობ და საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ, ამასთან საერთო საქმეც წინ მიდის.

ბიზნეს ლაბორატორია მაღლიველი სტუდენტების დაარსეუბლია და განსაკუთრებით ჩვენი ფაკუკეტეტის სტუდენტებს, ბევრ საინტერესოს თავაზობს, მაგალითად: საწარმოში ვიზიტებს, ყოველკვირეულ შეხვედრებს, წარმატებული ადამიანების მასტერკლასებს და სხვა. ვიმედოვნებ უფრო აქტიურად ჩავერთვები მათ აქტივობებში.

oikos Tbilisi არის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია oikos International-ის ნაწილი. იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობს. მას საქართველოში აქვს ღირსეული სახელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაფასებულია. რა თქმა უნდა, ჩემი დროის ნაწილს ამ ორგანიზაციას ისევ დიდი სიამოვნებით დავუთმობ. იგი მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული.

აქვე მადლობას გადავუხდი თსუ ჰოლიკის გუნდს, რადგან მათი საქმიანობა მართლაც რომ კეთილი საქმის კეთებაა და წარმატებას ვუსურვებ მომავალში. მზადყოფნას გამოვთქვამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათ გვერდით ვიყო ყველა კარგ საქმეში.

მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თსუ არ არის უნივერსიტეტი რომელიც მხოლოდ კვალიფიციური ლექტორებით, მაღალი აკადემიური მაჩვემებლებითა თუ წარმატებული სტუდენტებით დაიკვეხნის, აქ არსებობს ბევრი შესაძლებლობა თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებისთვის.

ადმინიატრაცია…
მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვსო გაგვიგია აქ, სამწუხაროდ, პრობლემებზეც მომიწევს რამდენიმე სიტყვის თქმა. უდიდესი პლიუსია სამართლიანი საგამოცდო სისტემა, კარგად კონტროლდება ლექცია-სემინარების ჩატარება და ა.შ თუმცა პირველი კურსის ბოლოს დიდ პრობლემას წავაწყდი და ჯერ კიდევ ვერ მოვაგვარე. ერთ-ერთი აპელაციის შემდგომ კასაციაზე უარი მითხრეს, საგამოცდო ცენტრი მეუბნება რომ ფაკულტეტმა უნდა მოითხოვოს პროცედურა, ფაკულტეტი კი ამბობს რომ კასაციის უფლება არ აქვს. დეკანსაც ვესაუბრე, თუმცა მანაც ვერაფერი შეცვალა. ლექტორის კეთილი ნების იმედად დამტოვეს, რომ ის დაწერს ახნსა-განმართებით ბარათს და საკუთარ გასწორებულ ნაშორომს კიდევ ერთხელ ჩემი თანდასწრებით ნახავს. მხოლოდ ის მინდოდა რომ ნებისმიერ ლექტორთან ერთად მენახა ნაწერი და მას აეხსნა თუ რატომ არ მეკუთვნოდა უფრო მაღალი შეფასება. ამ თემაზე საუბრები კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. იყო შემთხვევა როცა ტელეფონის ნომერს მაძლევდნენ და ვეუბნებოდი ეგ ტელეფონი გაფუჭებულია თქო, მპასუხობდენენ „ვიცით, მაგრამ პირადი ან ალტერნატიული ნომრის გაცემის უფლება არ გვაქვსო“. გულდასაწყვეტია ის დამოკიდებულება რომ როცა უხსნი იმერეთში ვარ, ბანაკში ვიყავი ლიდერად, ტრეინინგი მაქვს ჩასატარებელი და სხვა მსგავსი მიზეზების გამო ვერ ვახერხებ თბილისში ჩამოსვლას ამ მოკლე პერიოდში, კიდევ „გამადლიან“ ტელეფონზე საუბარს. იმიტომ გვაქვს საჯაროდ საკონტაქტო ნომრები რომ ყველა საქმეზე უნიში არ გავიქცეთ. ზოგს კი ეს უპატივცემულობად თუ საკუთარი საქმის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებად მიაჩნია. ასეც ხდება, მინდა გითხრათ რომ მსგავს უსამართლობას არასოდეს შეეგუოთ, ჯერ კიდევ უნივერისტეტის დონეზე ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი უფლებებისთვის და შედეგს აუცულებლად მივაღწევ.

თსუ არის და იქნება საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტი და ამ საქმეში თითოეული სტუდენტი ჩვენს წვლილს შევიტანთ ❤
ყველა მოტივირებულ, ჭკვიან, მოაზროვნე ადამიანს გზას უხსნის ჩვენი უნივერსიტეტი და ჩვენი მაღლივი ❤