ღამის სტუდენტობის დღიურებიდან

ღამის ორი საათი დაიწყო. ეს ესაა კიდევ ერთი პრეზენტაციის მომზადება დავასრულე და სანამ მომდევნო დავალების კეთებას შევუდგებოდე, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვა მეთქვა თქვენთვის.

როცა კიდევ ერთხელ შუაღამემდე იმეცადინებ, ან სულაც შემოგათენდება, უნებურად გეფიქრება წარუმატებლობის შიშზე. ზოგადად წარმატებას მრავალნაირი გაგება აქვს. შეიძლება ითქვას, იმდენნაირი გაგება აქვს, რამდენიც ადამიანია დედამიწაზე. ზოგისთვის ეს დიდი ოჯახია, ზოგისთვის ერთგული მეგობრები ან მეორე ნახევარი, ზოგისთვის კარიერა, ზოგსაც ყველაფერი სურს ერთად და თუ რომელიმეს ზემოხსენებულთაგან ვერ მიაღწევს, ითრგუნება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ჭეშმარიტად წარმატებულია უკვე მაშინ, როცა თავის ხელთ არსებულ ყველა რესურსს შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად იყენებს. ყოველ ახალ დღეს შეიძლება სულაც არ გინდოდეს დაუბრუნდე მომაბეზრებელ, რუტინულ საქმიანობას. სტუდენტებს ხომ იმის დროც კი არ გვაქვს, დეპრესიაში ჩავცვივდეთ, რადგან ან შუალედურ გამოცდებს ვაბარებთ, ან ფინალურები მოგვადგება კარს, ,,პაწაწინა” დავალებებზე რომ აღარაფერი ვთქვა. თუ პარალელურად ვმუშაობთ, მაშინ ხომ ზოგჯერ ყველაზე ახლობელი ადამიანების მოსაკითხადაც კი აღარ გვცალია.თუ გვცალია და საუბრის თავიც აღარა გვაქვს. არადა ხანდახან როგორი საჭიროა დაპაუზება, გასვლა ყოველდღიურობიდან და ახალი სუნთქვით დაბრუნება.  თუმცა ეს, ფაქტობრივად, ყოველთვის შეუძლებელია. დაღლილობა ამ ქვეყნად ერთერთი ყველაზე ნორმალური გრძნობაა. წუწუნი ემოციების ერთერთი ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა . იწუწუნეთ! მერე რა, რომ კაცობრიობა ბევრი უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დგას? თქვენ ამის სრული უფლება გაქვთ, რადგან ჩვენს რეალობაში სტუდენტობა უკვე წუწუნის მიზეზია. მაგალითს აქვე მოგცემთ: დღეს 19 ივნისია. ზაფხულის თითქმის ნახევარი გამოცდებმა უნდა წაიღოს და ამაზე ფიქრიც კი დამთრგუნველია.

რაზე ვსაუბრობდი ბოლოს? ჰო, წარუმატებლობის შიშზე.  რა დასამალია და ამაზე ფიქრს, როცა/თუ დრო მაქვს, მაინც ვასწრებ ხოლმე. ამაზე ყველა სტუდენტს ეფიქრება და თუ არ ეფიქრება, ან საერთოდ არ აღელვებს პროფესიული განვითარება, ან უბრალოდ პრობლემა აქვს. სწავლის პირველივე წელს ილუზიები იმსხვრევა და რჩება ის, რაც რჩება: რეალობა, არ ჰგავს იმას, რასაც ველოდით. თითქოს ახალ ეტაპზე გადავედით, რომელსაც მიმართულება უნდა მოეცა და სინამდვილეში უფრო დავიკარგეთ. მივუახლოვდით იმას, რისკენაც წინა წლების განმავლობაში ვისწრაფვოდით და ამ ჩვენმა სასურველმა უფრო შორს გადაიწია. ახლა გვიწევს, ვეძებოთ ძალა საკუთარ თავებში გზის გასაგრძელებლად. ცხადია, ჩემი სიტყვები ყველას არ გეხებათ. ყოველთვის მაოცებდა ზოგი ადამიანის ზედმეტი თავდაჯერებულობა. ასეთებს იმას გეტყვით, რომ ეგ თვისება ჩემთვის მეტად მომხიბვლელია, მაგრამ საშიშიც: დაცემა თქვენთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე მათთვის, ვისაც ცაში აჭრა შეუძლია, მაგრამ ჯერ მიწასთან ახლოს ამჯობინებს ფრენას. 

ხშირად მესმის კითხვა: როგორ ხედავ საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ? არ გვინდა ათი, თუნდაც ხუთი წელი იყოს. ანდა: როგორია შენი ოცნების სამსახური? როგორია შენთვის იდეალური სამუშაო გარემო თუ ანაზღაურება? ეს კითხვები ყოველთვის მაფრთხობს. უწინ სულ ვთვლიდი, რომ ოცი წლის ასაკში აუცილებლად მეცოდინებოდა, ზუსტად ვინ სად როგორ და რატომ მინდა ვიყო, მაგრამ არ ვიცი. თუმცა მე ამ კითხვებზე ერთი ამომწურავი პასუხი მაქვს: ჯერ კიდევ ვსწავლობ. მე ყოველდღე ვსწავლობ, ვინ მინდა, ვიყო და ვინ ვარ უკვე. ბაკალავრიატის მეოთხე წლის ბოლოსაც რომ მივხვდე, რომ პროფესია, რომელსაც ვეუფლებოდი, ჩემი არაა, ამას ტრაგედიად არ ჩავთვლი და სწორედ ეს იქნება ჩემი წარმატება. 

მეტისმეტად არეულადაა მოწყობილი ჩვენი ცხოვრება. აზრის ჩამოყალიბებას ვერ ვასწრებთ, რომ უკვე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. როგორ შეიძლება, მხოლოდ თეორიაზე დაყრდნობით იცოდე, რომელიმე პროფესია ისაა, თუ არა, რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გინდა?  

ჰოდა, მოკლედ. იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმეს კიდევ ჩემ გარდა, ხანდახან მაინც, გაწუხებთ შეკითხვები თქვენს მომავალთან დაკავშირებით და ზოგჯერ პასუხის ვერ მიღების გამო შიში გეუფლებათ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ზოგჯერ ცხოვრება თავად გვიჩვენებს, რომელ ბილიკს უნდა გავუყვეთ. მოთმინება გვმართებს მხოლოდ და ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება. ასე ადრე თუ გვიან საკუთარი თავის სრულად შეცნობასაც შევძლებთ. 

დაბოლოს, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ! <3