თსუ-ის იაპონური ენა და მე

     იაპონია ერთ-ერთ კულტურულ და მაღალი ღირებულების ქვეყანას ეკუთვნის. იაპონიაში მოგზაურობა, მათი ქვეყნის გაცნობა, ენის შესწავლა ჩემი ბავშვობის ოცნებას თუ არ ვიტყვით აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მიზანი ნამდვილად იყო. ბავშვობიდანვე მომწონდა მათი ანიმაციები, შემდეგ უკვე ე.წ „ანიმეები“, რომლითაც მე პირადად არაჩვეულებრივ და ღირებულ არსს ვეცნობი. იაპონია დიდი ტრადიციებისა და ისტორიის შერწყმაა. ის არის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, რომელმაც იცის, თუ როგორ გაიზარდოს და გახდეს მოთხოვნადი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ნულიდან დაიწყოს აღმავლობა და განვითარებულ ქვეყნებს აჯობოს. მანგების კითხვა დამეხმარა იმაში, რომ უფრო ახლოს გამეცნო იაპონური კულტურა, ენა, მათი ტრადიციები და დღესასწაულები.

     სწორედ ამიტომ იაპონური ენის შესწავლა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო და არის, რადგან ბავშვობიდან მაოცებს ეს ქვეყანა, რაღაცები ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე და ძალიან გამიხარდა, როდესაც თსუ-ს გვერდზე აღმოვაჩინე იაპონისტიკის მოდული. ისე აღვფრთოვანდი, რომ არც კი მიფიქრია ისე ავირჩიე შორეული აღმოსავლეთის რეგიონ-მცოდნეობა, სადაც ისწავლება იაპონური ენა N1 დონემდე. სამწუხაროდ, გარკვეული სირთულეები შემხვდა იაპონისტიკის საგნების არჩევის გზაზე, მაგრამ, საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი დამატებითი სპეციალობა მეტწილად ლინგვისტიკა გამოდის, რადგან ეს სფერო ჩემთვის ფასეულია საკმაოდ. რამდენიმე სემინარი უკვე ჩამიტარდა და ძალიან მომწონს. ამჯერად ვსწავლობ იაპონურ ენასა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას. აქედან, იაპონური ენა ტარდება კვირაში ორჯერ, ზუსტად როგორც ისტორია. ორივე საგანს მცოდნე ლექტორები ასწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ მიყვარდა, როდესაც მას მასწავლიდნენ, ჩინეთისა და იაპონიის ისტორიამ დამაინტერესა, ალბათ იმიტომ, რომ სახელმძღვანელოა საინტერესოდ დაწერილი. რა თქმა უნდა, იაპონიამაც იქონია ზეგავლენა ჩემს ინტერესზე ამ საგნის მიმართ. ამბობენ, რომ, მიუხედავად ენის სილამაზისა, იაპონურს საკმაოდ რთული გრამატიკა და ასევე ერთ იეროგრიფს რამდენიმე მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ სადაც დიდი სურვილია, იქ არანაირი სიძნელე ხელს არ უშლის დასახული მიზნის მიღწევას.