ახლა “Philosophy and Politics in Film” ლექციაზე ვზივარ და “Last Tango in Paris”-ს ვუყურებთ. შემდეგ მარქსიზმის და ეგზისტენციალიზმის თეორიებით მოგვთხოვს ლექტორი გარჩევას. ალბათ, ფილმს უნდა ვუყურებდე და ახლა ამ პოსტს არ უნდა ვწერდე, მაგრამ ფილმს სახლში ვუყურე წინასწარ და შემიძლია ცოტა დრო TsuHolic-ს დავუთმო.
აქვე ორიოდე სიტყვა ჩემზე: ვარ 19 წლის, ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მიმართულება – საერთაშორისო ურთიერთობები. მეორე კურსს ვილნიუსში დავხურავ.
1) როგორ მოვხვდი Erasmus-ზე:
Erasmus-ის ტესტის შესახებ, რამდენადაც მახსოვს, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გვერდზე დაიპოსტა და ვიფიქრე ბედს ვცდი მეთქი. ტესტი საკმაოდ მაღალ ქულაზე დავწერე, ზუსტი ქულა აღარ მახსოვს, სამწუხაროდ. ტესტის დაწერის შემდეგ (თუ დააკმაყოფილე მინიმალური ბარიერი) უნდა მოამზადო რიგი დოკუმენტები: სამოტივაციო წერილი, ნიშნების ამონაწერი, რეკომენდაცია აკადემიური პირისგან, CV, უნდა აირჩიო სასურველი უნივერსიტეტები. ყველაზე დიდი კითხვა რაც ალბათ ყველას გვაწუხებდა, სხვადასხვა უნივერსიტეტებისთვის სხვადასხვა სამოტივაციო უნდა მოგვემზადებინა, თუ ერთი დაგვეწერა, ზოგადი სახის ? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი დღესაც არ ვიცი, არც ის ვიცი რომელი სჯობს, ამბობენ ყველა უნივერსიტეტზე ცალ-ცალკე დაწერეთ, მასე უფრო მეტი შანსი გაქვთო, თუმცა მე მხოლოდ ერთი სამოტივაციო წერილი მეწერა. გასაუბრების განრიგიც მალევე დაიდო. მახსოვს, არ მინერვიულია, ინგლისურენოვან გასაუბრებებში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს (Erasmus-ი ჩემი 28-ე ინგლისურენოვანი გასაუბრება იყო). გასაუბრებაზე მკითხეს ჩემი ძლიერი მხარეებისა და მიზეზების შესახებ, თუ რატომ მინდოდა მონაწილეობის მიღება. გასაუბრება 8-9 წუთი გაგრძელდა, მახსოვს კმაყოფილი გამოვედი. თსუ-ს სტუდენტებიდან პირველი პასუხი მე მომივიდა. მახსოვს, ტელეფონი მიჯდებოდა, გულის ჯიბეში მედო და ვიბრაცია ვიგრძენი, ვიფიქრე გაითიშა მეთქი, თუმცა ერთ ვიბრაციას მეორე მოჰყვა და რუსთაველიდან ამოვირბინე თსუ-ს შენობაში ტელეფონის დასატენად. ვნახე წერილი ელ. ფოსტაზე Mykolas Romeris University-დან. პირველი ვისაც გავუზიარე, შეყვარებული იყო, შემდეგ მშობლები, შემდეგ კი მეგობარი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა Erasmus შესახებ (სალომე ღაჭავა). მეგონა ამით დასრულდებოდა და აღარაფერი იყო საჭირო, თუმცა რიგი პროცედურები გავიარე იმისათვის , რომ საბოლოო დასტური მომსვლოდა.
2) სწავლა საქართველოში – სწავლა საზღვარგარეთ: საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების 2016 წლის საორიენტაციო შეხვედრიდან ალბათ 2 წინადადების გახსენება თუ შემიძლია. ზუსტად მახსოვს ჩვენი მიმდინარეობის ერთ-ერთმა პროფესორმა ასე გვითხრა: აქ მიღებული ცოდნით არავისზე ნაკლები არ იქნებით, თუ მეტი არა და საზღვარგარეთ სასწავლებლად რომ წახვალთ თვითონ დარწმუნდებითო. მაშინ ძალიან სკეპტიკურად შევხედე, თუმცა აქ გატარებული ყოველი დღით ვრწმუნდები, რომ მართალი იყო. აქ ერთ-ერთმა პროფესორმა “სადისტებიც” კი გვიწოდა ხუმრობით, როდესაც გაიგო, რომ ჩვენ შაბათსაც ვსწავლობთ.
აღსანიშნავია, მეთოდოლოგიაში განსხვავება ამ ორ უნივერსიტეტს შორის: თსუ უფრო ორიენტირებულია თეორიული ცოდნის მიცემაზე და პრაქტიკას ნაკლებ დროს უთმობს, აქ პირიქითაა. გამოცდებიც ჩვენთან უფრო მკაცრად ტარდება, აქ ძირითადად oral report-ის სახით ვაბარებთ ფინალურებს.
3) ყველაზე საინტერესო:
წელს Erasmus-ის პროგრამიდან MRUNI-ში ასაკით ყველაზე პატარა ვარ (19 წლის). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა უმრავლესობა აქ მაგისტრანტია, ასაკობრივი სხვაობა არანაირად არ გვიშლის ხელს მეგობრობაში, პირიქით ყველა ძალიან მეგობრულადაა განწყობილი ერთმანეთის მიმართ, თითქოს ერთი ოჯახი ვართ. ვიცი, ყველას აინტერესებს, მართლა არის თუ არა Erasmus გართობის საშუალება, დიახ, არის! ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, ალბათ, მაინც ახალ კულტურებთან ზიარებაა.
TsuHolic-მა მთხოვა რაიმე არაორდინალური გამეხსენებინა: უნივერსიტეტის კამპუსში შეღამებისას მივედი. ჩემი ბარგით ოთახისკენ მივდიოდი და უცებ დერეფანში, რომელიღაც ოთახიდან, გამოვარდა ნახევრად შიშველი გოგონა, ყვირილით “This is Erasmus baby” და სხვა ოთახში შევარდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინასემესტრელებს ფინალურების ჩაბარების შემდეგ გამოსამშვიდობებელი საღამო ჰქონდათ.
4) რჩევები:
ალბათ, ერთადერთი რჩევის მიცემა შემიძლია მათთვის, ვინც ფიქრობს უცხოეთში განათლების მიღებაზე: აუცილებლად სცადეთ Erasmus-ი. სამწუხაროდ, სხვა რჩეევების მოცემა არ შემიძლია, რადგანაც ყველაფერი დანარჩენი მაინც ინდივიდუალური ფაქტორია.
5) აქვე მინდა, რამდენიმე ადამიანს მადლობა გადავუხადო: უპირველესყოვლისა მშობლებს, რომლებიც მთელი ამ პროცედურების განმავლობაში მამხნევებდნენ. საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორების და ზოგადად მთლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საფუძვლიანი და ხარისხიანი ცოდნის მოცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემი აკადემიური წერის ლექტორს, ალექსანდრა სულაძეს, რომელმაც რეკომენდაცია მომცა ამ პროგრამისთვის. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩემს მეგობრებს, სალომე ღაჭავას და ლუკა სეფაშვილს. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში და ალბათ მათ გარეშე არც არაფერი გამოვიდოდა.
პ.ს. ძალიან დიდი ბოდიში ჩემი ქართულისთვის.