წარმოგიდგენთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის ძირითად მუხლებს და პირობებს, რომლებიც ითვალისინებს საერთო საცხოვრებელში მსურველთა განთავსების პროცედურებს.
- უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელი კორპუსები განლაგებულია ქ. თბილისში, ბაგებისა (ბაგების საერთო საცხოვრებელი) და ლისის ტბის (ლისის საერთო საცხოვრებელი) ტერიტორიებზე.
საერთო საცხოვრებელში განსახლების უფლება და პირობები
- საცხოვრებელ ფართზე დროებით ცხოვრების უფლება ენიჭებათ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს მიუხედავად მოქალაქეობისა.
- საერთო საცხოვრებელში განთავსების უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ საცხოვრებელი ფართით მეუღლესთან ან/და შვილთან/შვილებთან ერთად მხოლოდ ბაგების საერთო საცხოვრებელში.
- საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლება წარმოიშობა ონლაინ რეგისტრაციის შედეგად შინაგანაწესით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად, უნივერსიტეტსა და მობინადრეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
- მობინადრის ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო პროგრამით განსაზღვრული სწავლების ვადის ფარგლებში (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთი დამატებითი სემეტრის ვადით, მობინადრის განცხადების საფუძველზე).
- მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდება ონლაინ რეგისტრაციის შედეგებისა და რეგისტრაციაგავლილ სტუდენტთა მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის საფუძველზე, ქვემოთმოცემული კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მიხედვით:
ა) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
ბ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
დ) სტუდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას.
საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების მოპოვების პროცედურა და ხელშეკრულების დადება
- საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია. ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იმ გვერდების ასლი, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობის და ასეთის არსებობის შემთხვევაში – ვიზის ასლები;
ბ) ცნობა, შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონის შესახებ (წარმოდგენილი უნდა იქნას ყოველსემესტრულად);
გ) ორი ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე;
დ) მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებელი ფართით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მეუღლისა და შვილების ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
- საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ, ცხადდება ონლაინ რეგისტრაცია, მისი დაწყებისა და დასრულების ვადები.
- ონლაინ რეგისტრაცია ხორციელდება სტუდენტის პორტალზე. გარდა რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული სხვა დასარეგისტრირებელი ინფორმაციისა, სტუდენტს ეძლევა საშუალება დააფიქსიროს საცხოვრებელი ადგილი თავისი სურვილისამებრ – ბაგების საერთო საცხოვრებელი ან/და ლისის საერთო საცხოვრებელი.
- ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ ონლაინრეგისტრაცია გავლილი პირი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდქალაქის ადმინისტრაციაში.
- წარმოდგენილი დოკუმენტაცია განიხილება დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში (არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გათვალისწინებით).
6. უნივერისტეტის სტუდქალაქის ადმინისტრაცია ადგენს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლების მქონე პირებს, ხოლო საერთო საცხოვრებელში შესახლების გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ანბანურ თანმიმდევრობაში ასახული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. აღნიშნული პრინციპის გამოყენების შემდგომ, შესაძლო საჭიროებისას შესახლების გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება ონლაინ რეგისტრაციისას უფრო ადრე დარეგისტრირებულ პირს, რა დროსაც მოქმედებს ამ პირის მიერ დაფიქსირებული არჩევანი საერთო საცხოვრებლის თაობაზე (ბაგების ან/და ლისის საერთო საცხოვრებელი).
7. შესახლების უფლებამინიჭებულ სტუდენტთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
8. იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შედეგად საერთო საცხოვრებელში დარჩა თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, უნივერსიტეტის მიერ შესაძლებელია ჩატარდეს ხელახალი პროცედურა საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით, რა დროსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შესაძლებელია დადგინდეს პროცედურის შემჭიდროვებული ვადები.
შესახლების პროცედურა
- ხელშეკრულების დადების შემდგომ, მობინადრე ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა, რის შემდეგაც მას გადაეცემა ხელშეკრულებით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართი. ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება კარგავს ძალას.
- მობინადრე ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი 1 თვის ქირა გადაიხადოს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, ხოლო ყოველი მომდევნო თვის ქირა გადაიხადოს ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე.
- მობინადრე, საერთო საცხოვრებლით სარგებლობის დაწყებამდე, ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე შინაგანაწესს, რომლის დებულებებზე თავის თანხმობას ადასტურებს ხელმოწერით. წინამდებარე შინაგანაწესი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
- საცხოვრებელი ფართის ერთი გასაღები მუდმივად უნდა ინახებოდეს საცხოვრებელი კორპუსის ადმინისტრატორთან.
მობინადრის უფლება-მოვალეობები
- მობინადრეს უფლება აქვს:
ა) იცხოვროს მისთვის გადაცემულ ოთახში და ისარგებლოს ყველა იმ კომუნალური პირობებით, რომელიც არსებობს მის საცხოვრებელ კორპუსში;
ბ) ისარგებლოს სასწავლო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ფართით, საერთო სარგებლობის ინვენტარითა და აღჭურვილობით;
გ) თანამობინადრის თანხმობით მიიღოს სტუმარი დღის განმვალობაში არაუადრეს დილის 1000 საათიდან, არაუმეტეს ღამის 2200 საათამდე;
დ) სტუდქალაქის ადმინისტრაციისგან მიიღოს საშვი. - მობინადრე ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა წინამდებარე შინაგანაწესისა და ხელშკრულებით გათვალისწინებულ ვადებსა და პირობებით;
ბ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ უძრავ და მოძრავ ქონებას;
გ) ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში გაათავისუფლოს საცხოვრებელი ფართი და დააბრუნოს გადაცემული ქონება პირვანდელ მდგომარეობაში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით; წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდქალაქის ადმინისტრაციას უფლება აქვს საცხოვრებელი ფართი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. ასეთ შემთხვევაში, ყოფილი მობინადრის ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
დ) დაიცვას წესრიგი და არ დაარღვიოს სხვა მობინადრეთა სიმშვიდე და უსაფრთხოება;
ე) დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
ვ) არ იყოლიოს შინაური ცხოველი საერთო საცხოვრებელში;
ზ) აცნობოს სტუდქალაქის ადმინისტრაციას მის სარგებლობაში არსებული ოთახის კარების საკეტის შეცვლის შესახებ და გადასცეს გასაღების ერთი ასლი საცხოვრებელი კორპუსის ადმინისტრატორს;
თ) აუნაზღაუროს უნივერსიტეტს მისი ბრალეული ქმედებით, ან უმოქმედობით მიყენებული ზიანი;
ი) საერთო საცხოვრებლით სარგებლობის შეწყვეტის, ასევე დროებით (ერთ თვეზე მეტი ვადით) სარგებლობის შეჩერების შემთხვევაში წინასწარ, მაგრამ არაუგვიანეს სარგებლობის შეჩერებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში აცნობოს სტუდქალაქის ადმინისტრაციას;
კ) საჭიროების შემთხვევაში სტუდქალაქის ადმინისტრაციის მითითებით გადავიდეს სხვა ოთახში, ან სხვა კორპუსში საცხოვრებლად;
ლ) დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი და ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობები;
მ) პერიოდულად (ყოველი სასწავლო სემეტრის დაწყებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა) სტუდქალაქის ადმინისტრაციას წარუდგინოს ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან;
ნ) საერთო საცხოვრებელში შესვლისას უფლებამოსილ პირს წარუდგინოს მასზე გაცემული საშვი.
საერთო საცხოვრებელში შესვლის რეგულირება
- სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში შესვლა ხორციელდება საშვის საფუძველზე.
- საშვის დაშვების უფლება აქვს სტუდქალაქის უფლებამოსილ თანამშრომელს მობინადრის მიმართვის საფუძველზე.
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დაგვიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!