რჩევები გადაწყვეტილების სწრაფად მისაღებად

ჩვენ ყოველდღე არაერთხელ ვაკეთებთ არჩევანს. ვწყვეტთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კაპუჩინო თუ ლატე, თეთრი მაისური თუ წითელი. დროდადრო კი შედარებით მნიშვნელოვანი თემებიც იჩენს თავს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. ეს შეიძლება ეხებოდეს პროფესიას, ფინანსებს, ქორწინების სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ძნელია, ჩვენ ვარჩევთ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს და გადავდივართ ახალ ეტაპზე. ეს ეტაპი ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებით ცხოვრებაა. თუმცა, ზოგი ადამიანისთვის გადაწყვეტილების მიღება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა, ყოყმანმა სასოწარკვეთამდეც კი მიიყვანოს. ჩვენ გირჩევთ, როგორ გადაწყვიტოთ სწრაფად.

ბევრი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი ადამიანის უნართაგან  ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. წარსულში სიტუაციის სწრაფად შეფასება და საუკეთესო ვარიანტის ამორჩევა გადარჩენის გარანტიას წარმოადგენდა. რატომაა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი არჩევანთა გზაჯვარედინზე დიდხანს ყოვნდება, მაშინ, როცა სხვანი მტკიცედ მიუყვებიან ერთ რომელიმე გზას, შედეგების სისწორეში კი დარწმუნებული არ არიან?

პრაქტიკა ქმნის იდეალურს

 შესაძლოა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ კვლევების თანახმად, ამ პრობლემის სათავე ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომელთაც დღეს გადაწყვეტილების მიღება ეიოლება, ჯერ კიდევ ბავშვობაში გარემო ხელს უწყობდა, რომ ნაკლებად ეყოყმანა. ისინი უსაფრთხო გარემოში იზრდებოდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ასე ისწავლეს საკუთარი გადაწყვეტილებებისადმი ნდობა, გააანალიზეს, რომ შეცდომა არ ნიშნავს სამყაროს განადგურებას და საყვარელი ადამიანები არასწორი არჩევანის შემთხვევაშიც მხარს დაუჭერდნენ.

იცოდე, რა გინდა

ცხადია, გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო ძნელია, თუ არ ვიცით, რა გვსურს. ეს ხშირად ემართება იმ ხალხს, რომლებიც წარსულში გადაწყვეტილებებს სხვისი ზეწოლის შედეგად იღებდა ( როდესაც ვინმეს მიზნები მათ არჩევანზე დომინირებდა). ასეთ პირობებში ძნელია იდენტობის ჩამოყალიბება, საკუთარი მიზნების დასახვა, სამყაროს ინდივიდუალური ხედვის შექმნა,საჭიროებებისა და ფასეულობების განსაზღვრა. გადაწყვეტილების ეფექტურად მისაღებად საჭიროა, მკაფიოდ ვხედავდეთ ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებს. ასე რომ, სანამ რამეს გადაწყვეტ, ჰკითხე საკუთარ თავს: ,,სად მიმიყვანს ეს? მივუახლოვდები ამით მიზანს?” და დარწმუნდი იმაში, რომ კითხვებზე პასუხი გაქვს.

იყავი მზად კომპრომისისათვის

ძნელია, როცა არცერთი არჩევანი არ არის დამაკმაყოფილებელი, მიზნებსა და ასარჩევ გადაწყვეტილებებს შორის კი შეუსაბამობაა. ამ შემთხვევაში, როგორ ვწყვეტთ? ზოგჯერ კომპრომისი უკეთესია, ვიდრე იდეალური ვარიანტი, რომელიც შესაძლოა რეალური არასოდეს გახდეს. ასეთ სიტუაციებში რაღაც უნდა დავთმოთ, რათა მივიღოთ ახალი გამოცდილება ან აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.

ჩამოაყალიბე პრიორიტეტები

ბევრი ვარიანტის არსებობა არჩევაში არამხოლოდ ხელს გვიშლის, არამედ ზოგჯერ ერთიანად ამახინჯებს ამ პროცესს. საჭიროა, ჩამოაყალიბო პრიორიტეტები. ჰკითხე თავს: ,, ამ მომენტისათვის რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?” ეს ასარჩევ  ვარიანტთა სიმრავლეში ყველაზე მისაღებს გვაპოვნინებს და ზედმეტ შფოთვასაც ავიცილებთ თავიდან. სტრესის დონის შემცირება ხელს შეგვიწყობს საღად აზროვნებაში.

იყავი რაციონალური

ჩვეულებრივ, გადაწყვეტილების მიღებისას, ვფიქრობთ, რომ ეს არჩევანი საუკეთესოა. ასე ფიქრი გვეხმარება, რომ ნაკლებად ვიყოყმანოთ, შეცდომის არ შეგვეშინდეს და წინსვლა განვაგრძოთ. ასე მივდივართ რისკზე და ვიცავთ საკუთარ არჩევანს. თუნდაც მაშინ, როდესაც ტელევიზორი ვიყიდეთ და შემდეგ ახალი მოდელი გამოვიდა, ვაყალიბებთ ჩვენი შენაძენის უპირატესობებს სხვებთან შედარებით. ეს მექანიზმი ამცირებს კოგნიტურ დისონანსს და გვასწავლის, როგორ ვიყოთ საკუთარი გადაწყვეტილებებით კმაყოფილი. რაც უფრო მეტი ძალისხმევის ( ენერგია, ფული, დრო) მოხმარება გვიწევს ჩვენი გადაწყვეტილებების განხორციელებაში, მით უფრო მტკიცედ შევძლებთ მათ დაცვას.

წყარო: english.swps.pl