სულ მზე ვერ იქნება…

ცხოვრებაზე  ხელჩაქნეული ქუჩაში მივდიოდი და ვგრძნობდი სახლში არავინ მელოდებოდა. ხიდის მოაჯირთან შევჩერდი, თავის მოკვლა გადაწყვეტილი მქონდა. ხელები გავშალე, ცივი ქარი ქროდა,  წონასწორობას მაკარგვინებდა.

-რა ლამაზი სავსე მთვარეა, – უცბად მითხრა ვიღაცამ. უცნაური იყო, ადამიანები მიდი-მოდიოდნენ, არავის ანაღვლებდა,  სიცოცხლეს რომ ვასრულებდი, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც, ვინც იმის მაგივრად, რომ შევეჩერებინე, როგორც ასეთ დროს იქცევიან ხოლმე, მეუბნება, რა ლამაზი სავსე მთვარეაო.            -მერე რა… ვერ ხედავ,  თავს ვიკლავ?! მაცადე,  მშვიდად მოვკვდე,-ვუპასუხე.

-დედა, რომელიც აბორტს იკეთებს, განა ის დედაა?! მას გამართლება აქვს?! ის დედობის ღირსია?! – აგრძელებდა უცნობი.

– მართალი ხარ, მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს, აღარ გაიკეთებენ?.                                                  -დიახ, მაგრამ  იგივეს აკეთებ. ღმერთისგან მოცემულ სიცოცხლეს  შენი ნებითვე ასრულებ, მაშინ რისთვისღა გაჩუქა დედამ ის? რისთვის იტანჯა, ცხრა თვე მუცლით რომ გატარა?                               -ღმერთი? ის ჩემთან არასდროს ყოფილა, არასდროს  დამხმარებია. ის რომ ჩემთან ყოფილიყო, ამ ზომამდე არ მიმიყვანდა. რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს?!

-სიცოცხლეს ყოველთვის აქვს აზრი!

-ტყუილად მელაპარაკები ამდენს, რა ბანალური სიტყვებია!

– თავს რომ მოიკლავ, შვებას იგრძნობ? სადაც მიდიხარ, დაისვენებ? დამშვიდდები? უკან არ იხედები?  -უკან მოვიხედო? უკან არავინ რომ არ მელოდება?

-ყოველთვის არსებობს ერთი, ვინც ყოველთვის გელოდება. არ ვიცი რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში, რამ გაიძულა, რატომ ჩაიქნიე ცხოვრებაზე ხელი, მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ როგორც არ უნდა იყო, სიკვდილი გამოსავალი არ არის!                                                                                                                    -კარგი რა, ჩემს დასაფლავებაზეც კი არავინ მოვა, უფრო უკეთესს გეტყვი – ყველასთვის სულ ერთია ცოცხალი ვიქნები თუ მკვდარი… ან,  მიპოვიან კი?                                                                                             -მაშინ  მოიკალი თავი, დაასრულე შენი სიცოცხლე. ხედავ, სავსე მთვარეა, ბნელდება, მაგრამ სიბნელეს  ჯერ კიდევ  არ მოუცავს არემარე, ჯერ კიდევ სინათლეა, ისევე, როგორც შენს სულში.  გადახტები და მალე დაისადგურებს შენს სულში სიბნელე, მაგრამ გინდა კი ეს? შენ ვერ შეეწინააღმდეგები იმას, რომ სულ დღე იყოს, სულ მზე ანათებდეს, მაგრამ შეგიძლია შეეწინააღმდეგო შენს თავს, რომელიც ასე მიისწრაფვის სიბნელისკენ, მაგრამ  გახსოვდეს ერთი  –  თუ გადაიფიქრებ, სულ მზე ვერ იქნება, სულ ნათელი მომავალი ვერ გექნება,ბედნიერებას ყოველთვის თან სდევს უბედურება, როგორც დღეს მოსდევს ღამე. ასე იყო, არის და ასე იქნება. ახლა კი, რაც გინდა ის გააკეთე, შენი გადასაწყვეტია. მითხრა და შებრუნდა, გზას გაუდგა.                                  -დიდი მადლობა-მეთქი,  მივაძახე. ის ნახევრად შემობრუნდა, ხელი ამიწია და უსასრულობას შეერია.

მან შეცვალა ჩემი ცხოვრება, როგორც ახლა შენსას ვცვლი მე.