საგამოცდო დღეები სტუდენტებისთვის მღელვარებასა და სტრესთან ასოცირდება. შევეცდებით, რამდენიმე რჩევით გაგამხნევოთ ,,ფინალურებამდე.“
გამოცდამდე:
1.არ დააგროვოთ
გამოცდის წინა ღამეს მასალის სწავლა მხოლოდდამხოლოდ ზრდის სტრესის დონეს. აუცილებელია წინა დღეს რაიმე სასიამოვნო საქმიანობით დაკავდეთ და განიტვირთოთ.
თუ თქვენი ჩვევაა წინა დღეს გადამეორება, გადახედეთ ძირითად საკითხებს დღისით, საღამო კი დასვენებას დაუთმეთ.
ეს რჩევა მოიაზრებს იმ ფაქტს, რომ სამუშაოს ძირითადი ნაწილი გამოცდამდელ სასწავლო პერიოდში უკვე შეასრულეთ.
2.ნაკლები ,,წუწუნა’’ ირგვლივ
თუ გამოცდის წინა დღეს იმ მეგობართან ერთად იმეცადინებთ, რომელიც გაუთავებლად წუწუნებს უზღვავ მასალასა და მოსალოდნელ დაბალ ქულებზე, მისი სტრესიც თქვენსას დაემატება და თავდაჯერების კოეფიციენტი შეგიმცირდებათ.
3.კარგად იკვებეთ
ჯანსაღი პროდუქტები და დაბალანსებული კვება აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს აკადემიურ მოსწრებას.
გამოცდამდე საუზმის მირთმევა გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას.
4.ნაკლები კოფეინი და არანაირი ალკოჰოლი
ძილი აუცილებელია, რათა გონება გამოგიცოცხლდეთ. შესაბამისად, გამოცდის წინა დღეს ნაკლებად მიირთვით ყავა და ენერგეტიკული სასმელები.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ნაბახუსევი საგამოცდო გარემოში მართლაც მეტისმეტია!
5.სრული მზადყოფნა
დასაძინებლად წასვლამდე მოამზადეთ ყველაფერი, რაც გამოცდაზე დაგჭირდებათ. რამდენჯერმე გადაამოწმეთ გამოცდის დრო, მისამართი, თვქენი ადგილის ნომერი და გაუთვალისწინებელ შემთხვევებზეც იფიქრეთ (საცობები, საწვავის გამოლევა), რათა დროულად და უფრო მშვიდად მიხვიდეთ .
6. გამოიძინეთ
მთელი ღამის განმავლობაში სიფხიზლე ბოლოს მოგიღებთ გამოცდაზე. რაც უფრო დარეგულირებული გაქვთ ძილის რეჟიმი, მით უფრო პროდუქტიული ხართ.
რაც მთავარია, მაღვიძარის დაყენება არ დაგავიწყდეთ!
გამოცდის დროს:
შესაძლოა, წინა დღეს სტრესი აიცილეთ, მაგრამ გამოცდის დღეს სიტუაცია უფრო იძაბება.
7. იყავით ფოკუსირებული
გამოცდის წერის პროცესში კონცენტრირებული იყავით მხოლოდ საკუთარ ტესტზე და ნაკლებად იფიქრეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ სხვები. ყოველთვის იქნებიან სტუდენტები, ვინც მეტ-ნაკლებად შეეცდება გონება გაგიფანტოთ. ნურც თქვენ იქნებით ასეთი სხვისთვის. როგორც იტყვიან, არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენ არ გინდა, გაგიკეთონ!
8. წერეთ სტრატეგიულად
წერის დასაწყისში სწრაფად გადაავლეთ თვალი კითხვებს და პირველადი პასუხები მოინიშნეთ. თავდაპირველად იმ შეკითხვებს უპასუხეთ, რომლებიც ნამდვილად იცით. ეს უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ყველაზე რთულ შეკითხვებს შედარებით მეტი დრო დაუთმეთ.
გამოცდის შემდეგ:
როგორც იქნა, დასრულდა! დაიმახსოვრეთ, რომ გამოცდის შემდეგ რას აკეთებთ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც გამოცდამდე და გამოცდის პროცესში მიმდინარე ქმედებები.
9. წაახალისეთ საკუთარი თავი
მაშინაც კი, თუ ახალი გამოცდისთვის უნდა მოემზადოთ, საჭიროა რაიმე სასიამოვნოთი დაკავდეთ. ჭიქა ყავა მეგობართან ერთად მშვენიერი საშუალებაა განტვირთვისთვის და ღირს ამისთვის დროის გამოყოფა მძიმე საგამოცდო საათების შემდეგ.
იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ.
გისურვებთ წარმატებებს!!!
წყარო: http://www.youthcentral.vic.gov.au