გლობალური გაცვლითი პროგრამა (UGRAD)

აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს შესარჩევ კონკურსს 2019-2020 წლის გლობალური გაცვლითი პროგრამისთვის.

გლობალური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) ხორციელდება აშშ-ის განათლებისა და კულტურის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებო და კულტურულ პროგრამას, რომელიც მომავალ ლიდერებს აშშ-ში სწავლის და ცხოვრების საშუალებას აძლევს. პროგრამის მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ ამერიკელ ხალხს თავიანთი კულტურა და ტრადიციები გაუზიარონ.

გაცვლითი პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს: მხარდაჭერას J1 ვიზის მისაღებად, მგზავრობას, სამედიცინო დაზღვევას, უნივერსიტეტის სწავლის საფასურს და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის დროს, თანხას წიგნების შესაძენად, ყოველთვიურ სტიპენდიასა და ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსებს (საჭიროების შემთხვევაში).

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ აშშ-ში სწავლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 18 წელი; სტუდენტებს, რომლებსაც დასრულებული აქვთ ბაკალავრიატის პირველი კურსი; შეუძლიათ ინგლისურად გამართულად წერა და საუბარი; გაცნობიერებული აქვთ პროგრამაში მონაწილეობის მიზანი და მზად არიან, სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ.
პროგრამის მონაწილე სტუდენტებს განათლების მიღება შეუძლით ინჟინერიის, არქიტექტურის, ბიოქიმიის, ლიტერატურის, განათლებისა და სხვა მიმართულებებით.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი.

განაცხადს უნდა დაერთოს სხვა მოთხოვნილი დოკუმენტები, რომელთა შორისაა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეკომენდაციო წერილი და სტუდენტის ცნობა უნივერსიტეტიდან.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 დეკემბერი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე.