ყველაფერი გაცვლითი პროგრამების შესახებ თსუ-ში!

     თსუ-ს არაერთ უნივერსიტეტთან აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული და ასევე მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო პროგრამებში, როგორიცაა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამა. შესაბამისად სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსებში და გამარჯვების შემთხვევაში გაემგზავრონ საზღვარგარეთ სასწავლებლად ერთი სემესტრის ვადით (როგორც წესი ერთი სემესტრი გრძელდება გაცვლითი პროგრამები, თუმცა შესაძლებელია ერთი სასწავლო წლის ვადითაც გაგრძელდეს – დამოკიდებულია პროგრამის სტრუქტურაზე და ქვეყანაზე, რომელშიც მიემგზავრებით სასწავლებლად).

 სხვადასხვა სასტიპედნიო პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი და კონკურსში მონაწილეობის წესებიც ოდნავ განსხვავებული აქვთ, თუმცა მეტნაკლებად წესები ერთნაირია; შესაბამისად განვიხილოთ კონკურსში მონაწილეობის წესები, კონკურსის ეტაპები, სააპლიკაციო დოკუმენტაცია და ზოგადად ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ.

 ინფორმაცია

     როგორც წესი, გაცვლითი პროგრამების კონკურსები სასწავლო სემესტრის დასაწყისში ცხადდება და მათ შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება თსუ-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე სიახლეების კატეგორიაში, ასევე თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ოფიციალურ FB გვერდზე. შესაბამისად რეგულარულად აკონტროლეთ ზემოთხსენებული წყაროები, რათა ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ რომელიმე კონკურსის შესახებ ინფორმაცია.

მონაწილეობის წესები

     ცხადია, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის შესაბამისი სემესტრის სტუდენტებს (სემესტრების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად იქნება მითითებული. ასევე მითითებული იქნება, თუ რომელი საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი).

კონკურსის ეტაპები

     როგორც წესი, კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს: დოკუმენტაციის შემოწმება(თსუ), გასაუბრება(თსუ/მასპინძელი უნივერსიტეტი) და საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი).
     სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოთ შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც აუცილებლად იქნება მითითებული კონკურსის საინფორმაციო გვერდზე (მაგალითად, ერაზმუსის შემთხვევაში ასეთი ელ-ფოსტაა erasmusplus@tsu.ge).    დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში დაგიბარებენ გასაუბრებაზე, რომელიც შესაძლოა მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გაიაროთ ვიდეო-ზარის საშუალებით, ან თსუ-ის სპეციალურად შექმნილ კომისიასთან. გააჩნია რას ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამა (პ.ს. გასაუბრების ადგილის, თარიღის, თანრიგის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ისევ ვებ გვერდზე Tsu.ge და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ოფიციალურ FB გვერდზე).
     საბოლოოდ წარდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე მასპინძელი უნივერსიტეტი არჩევს მონაწილე აპლიკანტებიდან რამდენიმე გამარჯვებულს.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სად მოვიძიოთ ისინი

შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და რთულია, თუმცა აუცილებლად ზედმიწევნით შეასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც იქნება მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი არ განიხილება. განვიხილოთ დოკუმენტაცია და მათი მოძიების მეთოდები ცალ-ცალკე: 

  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ – (ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).  ამ ცნობის აღება შესაძლებელია თქვენი ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახურში.
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით). ნიშნების ფურცელიც ასევე გაიცემა თქვენივე ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახურის მიერ.  თუ პროგრამაში მონაწილეობისთვის GPA-ს ბარიერი იქნა დაწესებული, აუცილებლად იქნება საინფორმაციო გვერდზე მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თქვენი GPA არ არის ძალიან მაღალი იმედს ნუ დაკარგავთ, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა. (პ.ს. არ ვგულისხმობ მათ, ვისაც GPA 0,666 აქვს, ცხადია, მეტისმეტად დაბალია…)

გაითვალისწინეთ!!! ნიშნების ფურცლისა და სტატუსის დამადასტურებელი ცნობის აღების შემდეგ  უნდა გადათარგმნოთ ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე და თარგმანი დაამოწმოთ ნოტარიულად. (თარჯიმანი უნდა იყოს სერტიფიცირებული, როგორც წესი, სანოტარო ბიუროებში შესაძლებელია ერთდროულად ამ მომსახურებების მიღება)

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე , არაუმეტეს ორი გვერდისა). ევროპული ფორმატის CV-ს დამზადება შეიძლება ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე. მისი შედგენისას აუცილებლად გამოიყენეთ აკურატული და რეალობის შესაბამისი ინფორმაცია, არავინ არის სრულყოფილი და თქვენს CV-ში ნუ ეცდებით თქვენი ყოვლისშემძლეობის წაროჩენას.
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე , არაუმეტეს ერთი გვერდისა). ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი და ყავით გულწრფელები. ასახეთ რეალური მოტივები, თუ რატომ გინდათ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება და ნუ დაწერთ, რომ მონაწილეობის მავარი მოტივი რომელიმე საკაცობრიო პრობლემის გადაჭრაა, თავად არ გჯერათ ამის და არც სხვა დაიჯერებს. გულახდილობას და გულწრფელობას კი ნამდვილად ყველა დაგიფასებთ. (პ.ს. სარეკომენდაციო წერილს მოითხოვენ რამდენიმე ექზემპლარად, რომლებიც უნდა წარადგინოთ შესაბამის სამსახურში, რაც ასევე მითითებული იქნება)
  • სარეკომენდაციო წერილი  (ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის ენაზე,  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული). როგორც წესი, სარეკომენდაციო წერილს ლექტორებს აწერინებენ ხოლმე, რაც გავრცელებული პრაქტიკაა. ხელმოწერილ წერილზე ბეჭედს დაგირტყამენ ფაკულტეტის კანცელარიაში. 
  • მასპინძელი ქვეყნის  ან ინგლისური ენის (დამოკიდებულია რომელ ენოვან პროგრამაში გინდათ მონაწილეობის მიღება) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2 დონე) ან/და შესაბამის სასწავლო წელს თსუ ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა. ტესტირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება თსუ-ის ოფიციალურ ვებ გვერდძე სიახლეების კატეგორიაში). თსუ-ის ინსტიტუციური ენის ტესტის ჩასაბარებლად 100-დან 71 ქულაა საკმარისი.
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით). კონსულტაციის გავლა აუცილებელია, რადგან დაგეხმარებიან აარჩიოთ ისეთი საგნები, რომელთაც შესაბამისი დისციპლინები მოეპოვება თსუ-ში და პროგრამის დასრულების შემდეგ მოხდება საზღვარგარეთგავლილი საგნების შესაბამისი კრედიტების აღიარება თსუ-ში. 

სტიპენდია მოიცავს

     როგორც წესი, სტუდენებისთვის სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას, ყოველთვიური სტიპენდის 750/800/850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი იქნება მითითებული)

     შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები! (რაც მცირე თანხაა…)

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!