Detto Fatto (Italian)-Said and Done, სიტყვები რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს

მგონი, ყველასთვის ნაცნობია შემდეგი ფრაზა: ცხოვრება “რაღაც მოვლენამდე და მის შემდგომ”. ეს ისტორია სწორედაც, რომ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ.  თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს  იქნება უბრალო ისტორია გოგოზე, რომელიც 6 კვირის განმავლობაში ცხოვრობდა მილანში ან, რომ ეს მხოლოდ ჩემი თავგადასავალია. მთავარი მიზეზი, თუ რატომაც უნდა გამოყოთ თქვენი ცხოვრების 5 -7 წუთი ამ ბლოგის წასაკითხად ისაა, რომ ეს იქნება ისტორია არამხოლოდ ჩემზე, არამედ თითოეულ თქვენგაზეც, თუ რატომ, ამას მალე თავადაც მიხვდებით.  შესაძლოა, ამ “მოგზაურობამ” გაგხადოთ უფრო გაბედული, თამამი, გამოსცადოთ და შეაფასოთ საკუთარი თავი – “მე რას ვიზამდი, რას განვიცდიდი” და ვინ იცის, იქნებ შემდეგი ისტორია სწორედ თქვენ დაწეროთ.  მაშ ასე, გეპატიჟებით ჩემ/”თქვენ” მოგზაურობაში.

ჩემი ბანაკი მდებარეობდა Tradate-ში, პატარა დასახლება მილანთან ახლოს. Malpenza-ს აეროპორტში დამხვდა ჩემი მასპინძელი ოჯახი, სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ, მაგრამ ჩემი მასპინძელი დედის დანახვისთანავე ყველანაირი ღელვა უკვალოდ გაქრა, თუმცა ამაზე მოგვიანებით… ბანაკში გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, მაგალითად, ზოგადად იმ დასახლებასა და ბანაკში თითქმის არავინ საუბრობდა ინგლისურად, ამიტომ თავიდან საკმაოდ გაგვიჭირდა, მე და ჩემს კოლეგას თურქეთიდან, აგვეხსნა რა გვჭირდებოდა და რეალურად რისი მიღწევა გვინდოდა. ბანაკში სულ იყო 160-მდე  ბავშვი 10-14 წლამდე ასაკის,  დილაობით გვქონდა ინგლისურის გაკვეთილები, ვთამაშობდით სხვადასხვა სახის თამაშს, გვქონდა გუნდური შეჯიბრებებიც. თუმცა, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ ამით ამოიწურებოდა ჩვენი “მისია”, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ იწყებოდა, მაშინაც კი, როცა ყველა სხვადასხვა აქტივობით იყო დაკავებული, მოდიოდნენ და ცდილობდნენ გასაუბრებას, ჩენს ქვეყანაზე, ოჯახზე… რატომაა ეს ასეთი განსაცვიფრებელი? რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ უჭირდათ მარტივი წინადადების აგება,  ეს არ იქცა დაბრკოლებად, მთავარი იყო მათი ინტერესი,  მცდელობა და ძალისხმევა.  სწორედ მაშინ ვგრძნობდი, რომ ვემსახურებოდი რაღაც ღირებულს, რომ ჩემი გამოჩენა მათ ცხოვრებაში უმნიშვნელო მოვლენად არ იქცეოდა.  იცით, თითოეული მათგანი განსაკუთრებული იყო, საოცარია, როცა ხვდები, რომ ყოველ მათგანს აქვს პოტენციალი გახდეს “დიდი” ადამიანი, ამის გააზრებისას ვგრძნობდი, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია მათ წინაშე.  დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ღიმილით გაიხსენებენ  გოგონას საქართველოდან, რომლის სახელსაც ყოველთვის სასაცილოდ ამბობდნენ. ამ ბავშვებმა საკუთარი სითბოთი, ყურადღებითა და ინტერესით ძალიან ბევრი რამე მასწავლეს, დღე არ გავა, მათთგან გატარებული დღეები რომ არ გავიხსენო, თუნდაც რამდენიმე წამით, შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთმანეთი “პიროვნულად გავამდიდრეთ”.

პროექტის ბოლო კვირა გავატარე მეორე ბანაკში, სადაც ასევე ჰყავდათ “ანიმატორები” (16-18 წლის ბავშვები, რომლებიც გეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობას პატარებისთვის), მინდა გითხრათ, რომ შეხვედრის წუთებიდანვე მათი მხრიდან ვგრძნობდი საოცარ სითბოს, ვხვდებოდი, რომ ჩემში ხედავდნენ იმ უნიკალურ შესაძლებლობას, ესწავლათ არამხოლოდ უცხოური ენა, არამედ კულტურაც, გვესაუბრა, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ და ა.შ. გავხდი მათი დიდი  ოჯახის წევრი. მათი მთავარი მოტივაცია იყო პატარებისადმი სიყვარული, უყვარდათ და ინდივიდუალურად ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს. წამოსვლის დღეს კი საუკეთესო საჩუქარი გამიკეთეს, მათი ბანაკის მაისური ხელმოწერებით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე დავყავი მათთან, რა თქმა უნდა, მეც გადავეცი სუვენირები საქართველოდან. ზოგიერთთან დღემდე ვინარჩუნებ ურთიერთობას. ორივე ბანაკის ლოზუნგი იყო: Detto fatto- said and done.

ამ პროექტზე წერისას შეუძლებელია, არ ვისაუბრო ჩემს მასპინძელ ოჯახზე,  მათზე საუბრისას მეუბნებიან, რომ სახეზე ღიმილი და სითბო არ მშორდება, რომ ინტონაციაც მეცვლება,  ალბათ, ეს მართალიცაა, რადგან მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ამ ოჯახზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, ამიტომ მოკლედ გეტყვით. ჩვენ ერთად ვუყურებდით ფილმებს და ერთად ვტიროდით სევდიანი დასასრულისას, დავდიოდით საყიდლებზე, ვამზადებდით სადილს და თან ” ვჭორაობდით”, როგორც დედაშვილურ, ასევე ბევრ საინტერესო თემაზე. ეს იყო ოჯახი, სადაც თავი წამითაც კი არ მიგვრძნია უცხოდ, პირიქით. მასპინძელ დედას ჰყავდა მოსიყვარულე ქმარი და სამი ვაჟი, მარნიმ (მასპინძელი დედა), მაჩუქა ყველაფერი, რაც შესაძლოა დედამ აჩუქოს საკუთარ ქალიშვილს. ჩემთვის ის იყო იდეალური ოჯახი, ქმარი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ცოლისა და შვილების ბედნიერებისთვის, ბიჭები, რომლებიც ძმებად მივიღე. მიუხედავად მათი დატვირთული გრაფიკისა,  უქმე დღეებში ყოველთვის ქალაქგარეთ (მეგობრები, ტბა…) გავდიოდით მთელი ოჯახი. წამოსვლისას ერთმანეთს წერილები დავუწერეთ (დედაჩემსაც კი მიწერა წერილი),  ამ მხრივაც ორივე ძველმოდური აღმოვჩნდით, მას არ დავმშვიდობებივარ, რადგან  სულ მალე ისევ ვაპირებ მათთან ჩასვლას და თვითონაც ეწვევიან საქართველოს. მარნისთან თითქმის ყოველდღიური მიმოწერა მაქვს. რა მასწავლა მათთან ყოფნამ? გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ის ჩემს მეორე ოჯახად იქცა, შეიძლება ამას გადაჭარბებულ შეფასებად თვლით, თუმცა ეს თქვენთვის მომინდვია. იტალიის შემდეგ კითხვაზე თუ რამდენი ძმა მყავს, ჩემი პასუხია-კიდევ სამი ძმა მყავს იტალიაში. ასეთი ოჯახის ყოლას თუ გინდათ იღბალი დაარქვით, თუ გინდათ – ბედისწერა, ესეც თავად განსაჯეთ.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, იტალიაში ვიყავი ამდენი ხანი და ნუთუ სხვა ქალაქები  არ მოვინახულე- დიახ, თან ვმოგზაურობდი კიდეც: მილანი, ვენეცია, ვერონა… მიზეზი, რატომაც ამ ნაწილს ყველაზე ნაკლებად შევეხე, ალბათ, ისაა, რომ ოჯახთან და ჩემს ბავშვებთან შედარებით ეს “გამოცდილება” ფერმკრთალდება, თუმცა მოგზაურობა ჩემი “სულის ნაწილია”, თუკი ასე შეიძლება ითქვას, და ამ ქალაქებში  ჩემი პატარა ნაწილიც დავტოვე და ზუსტად ვიცი, რომ სულ მალე ისევ ვეწვევი. თუ ხართ რომანტიკულები ცოტა მაინც, გიყვართ ძველებური სტილი, ისტორია, მაშინ  ეს ქვეყანა თქვენთვისაა, აქ ყოფნა არასოდეს მოგბეზრდებათ.
ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება? რთულია ერთის არჩევა, ბავშვებთან გატარებული დრო და ყოველი სადილი ჩემს ოჯახში, როცა ყველა განვიხილავდით ერთმანეთის დღეს.

რა მომცა ამ პროექტმა? ყველას შეუძლია გითხრათ, რომ განუვითარდათ ლიდერული უნარ-ჩვევები, გახდნენ მეტად პრობლემაზე ორიენტირებულნი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო, თუმცა არის კიდე ბევრი რამ, რასაც ამ პროექტის ფარგლებში ისწავლით და განიცდით. პირადად მე, მიმახვედრა, თუ რას ნიშნავს, იყო მსოფლიო მოქალაქე, გამოვცადე საკუთარი შესაძლებლობები,  მომცა სტიმული და გამბედაობა მომავალში უფრო მეტის გაკეთების.

თუ კიდევ ვერ მიხვდით, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ისტორია თქვენზეც, გეტყვით, რომ თუკი ჩემსავით გჯერათ, რომ შეგიძლიათ შეცვალოთ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება, თქვენი წვლილი შეიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნაში, დაუმტკიცოთ ყველას, რომ არ არსებობს ბარიერები, მაშინ ეს თქვენ ისტორიადაც იქცევა. ყველას აქვს ლიდერად გახდომის პოტენციალი, მაგრამ ამას მხოლოდ ის აღწევს ვინც უკან არ იხევს, იყენებს ყველა მსგავს შესაძლებლობას და ცდის საკუთარ თავს. კიდევ თუ ვაპირებ წასვლას? პასუხი ნათელია, თუმცა შემდგომში  უფრო ხანგრძლივი ვადით.

ბევრი ვიფიქრე რითი დამესრულებინა ჩემი ისტორია, სიტყვა ისედაც გამიგრძელდა ამიტომ მოკლედ დავასრულებ, რომ არა AIESEC-ი, შესაძლოა არასოდეს მომცემოდა ამის თქმის საშუალება: ვამაყობ საკუთარი თავით, რომ მოკლე დროში შევძელი და სხვა ადამიანების ცხოვრებაში პატარა  კვალი მაინც დავტოვე, ასევე შევიძინე უდიდესი საგანძური-ოჯახი იტალიაში. და ბოლოს, კითხვა თქვენთვის, ვინც ამას კითხულობს, what are you waiting for?

                                                               დარეგისტრირდი: aiesec.org
                                  სალომე ნიაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი