მოდული VS მაინორი

საკმაოდ ბევრ სტუდენტს უჩნდება შეკითხვა “რა განსხვავებაა მოდულსა და მაინორს შორის?” ან “სავალდებულოა მათი არჩევა?”. სანამ უშუალოდ ამ კითხვებზე გავცემდე პასუხს, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო.

მაინორი

მაინორი იგივეა, რაც დამატებითი სპეციალობა. მაინორად შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სხვა ფაკულტეტის სპეციალობა (გარდა გამონაკლისებისა). მაგალითად ეკონომიკის სტუდენებს შეუძლიათ მაინორად ბიზნესის ადმინისტრირება აირჩიონ, ან კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებს – მათემატიკა.  

მოდული

მოდული არის ერთგვარი მაპროფილებელი საგნების ერთობლიობა, რომლებიც განიჭებთ კონკრეტულ პროფესიას. რაიმე მოდულის გავლით თქვენ სპეციალიზდებით შესაბამის სფეროში. მაგალითად, თუ სწავლობთ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და თქვენ მოდულად აირჩიეთ „მოდული – ბუღალტერია“ ეს იმას ნიშნავს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თქვენ იქნებით ბუღალტერი. თუ აირჩიეთ „მოდული – მარკეტინგი“, მაშინ თქვენ იქნებით მარკეტოლოგი და ასე შემდეგ…

რამდენი კრედიტი ნაწილდება თითოეულ მათგანზე?

მაინორისთვის განკუთვნილია 60 კრედიტი.
მოდულისთვის განკუთვნილია 25 კრედიტი.

რომელი მათგანის არჩევაა  სავალდებულო?

მოდულის არჩევა სავალდებულოა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ის განსაზღვრავს თქვენს ძირითად პროფესიას. 
მაინორის არჩევა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში, მაინორისათვის განკუთვნილ 60 კრედიტს სტუდენტი დააგროვებს თავისუფალი კრედიტების/საგნების გავლით.

შეიძლება თუ არა ერთზე მეტი მოდულის არჩევა?

ერთზე მეტი მოდულის არჩევა არ შეიძლება. შესაძლებელია, სრულად გაიაროთ 2 მოდულის საგნები, მაგრამ თქვენს დიპლომში მხოლოდ ერთი ჩაიწერება – ის, რომელსაც თავად მიანიჭებთ უპირატესობას.

როგორ უნდა ავირჩიოთ?

მაინორის არჩევა ხდება სტუდენტთა ბაზაში შესაბამის დროს (როგორც წესი, მეორე სემესტრში, თუმცა განცხადებით მერეც შესაძლებელია მაინორის არჩევა).
მოდულის არჩევისთვის მხოლოდ ის საგნები უნდა გაიაროთ, რომელსაც თქვენთვის სასურველი მოდული ითვალისწინებს. საგნებს, ცხადია, საგნების არჩევისას თავადვე ირჩევთ.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!