სტუდენტობის ყველაზე დიდი უარყოფითი, ჩემთვის, უეცარი მობეზრებაა. მობეზრებასაც ვერ დავარქმევდი. ყოველდღე სწავლობ, სწავლობ, მერე გახსენდება, რომ შენი ცხოვრების ბოლო ცამეტი წელია (ზოგისთვის მეტიც) სწავლობ , მომენტალურად გგონია, რომ ცხოვრება გარბის და შენ ვეღარ ეწევი, ძალა აღარ გეყოფა. ასეც ხდება… მთელი თავით გადაეშვები საკუთარ ყოველდღიურობაში. ცდილობ, მაქსიმუმი აკეთო, დაიხარჯო, რომ მიზნებს მიაღწიო, წარმატებას მიაღწიო, მაგრამ მერე მხოლოდ ერთი წამია საკმარისი იმისათვის, რომ გაიაზრო, რამდენად დაიღალე, რამდენად აღარ გინდა ის, რასაც აკეთებ, რამდენად დაიკარგე შენს მიზნებში, რომლებიც, რატომღაც, ყოველთვის შორეულ პერსპექტივად ისახება. არც კი ვიცი, ამ დროს რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. რა შეიძლება იღონო, რომ განიტვირთო და შუა ბრძოლისას გაჩენილ დანებების სურვილს სძლიო.
მე ყოველდღე ვიღვიძებ და ვიბრძვი. ყოველ დილით ვებრძვი ძილის სურვილს, რომელიც უფრო და უფრო მიმძაფრდება, რადგან უამრავი დავალების გამო ძალიან გვიან ან საერთოდ ვეღარ ვიძინებ. მერე მიწევს თავი დავირწმუნო იმაში, რომ სახლიდან ხალისიანი გავიდე, რომ შეიძლება სწორედ ეს იყოს დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლის, რომ ვალდებული ვარ, საკუთარი შესაძლებლობები სწორედ ამ კონკრეტულ დღეს გამოვიყენო მაქსიმალურად. ვებრძვი დაღლილობას, გულგრილობას, შიმშილს , რომელთაც სწორედ შუა ლექციისას დაუპატიჟებლად მოუნდებათ ხოლმე სტუმრობა. ვებრძვი აღშფოთებას მთელი ამ რუტინული სისტემის მიმართ, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ _ სტუდენტები.
ჰო, ზოგჯერ არანორმალურად მინდება, უბრალოდ თავი დავაღწიო პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების მთელ კორიანტელს, რომელიც არასოდეს ქრება. ამათგან ერთის შეუსრულებლობაც კი იმდენად უკან გხევს, რომ სამი გათენებული ღამეც ვერ აანაზღაურებს.
ზოგადად, ყოველთვის გვგონია, რომ ეს სირთულე, ამ მომენტში რომ ვუმკლავდებით, სხვებზე უფრო რთულია. სინამდვილეში, ყველაფერი ჩვენს ხედვაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ძნელია, მომავალი წარმატების ირწმუნო, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე შენს შესაძლებლობებზე მეტად გაძლებას ეყრდნობი და არ იცი, რა მომენტიდან ვეღარ ,,გაქაჩავ”, მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენი შრომა არ იკარგება. მინდა, თქვენთან ერთად მჯეროდეს, რომ ყველა პრობლემა, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ სტუდენტურ სამყაროში ვაწყდებით, ღირს იმად, რაც ბოლოს გველოდება. უბრალოდ შეისვენეთ, ერთი წუთით დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ჩვენ ვართ : მთელი ჩვენი ინდივიდუალიზმით,ისტორიითა და მომავლით, შეხედულებებითა და მიზნებით. და თუ აქამდე მოვედით, როცა სულ ცოტაღა დარჩა საბოლოო შედეგამდე, ყველაფერი უდავოდ კარგად იქნება. მე მინდა მჯეროდეს ჩვენი წარმატებისა. გჯეროდეთ თქვენც. <3