სამწუხაროდ, საქართველოში ღრმად გვაქვს დანერგილი, რომ თუ სკოლა არ დავამთავრეთ, ატესტატი არ ავიღეთ, უნივერსიტეტში არ ჩავაბარეთ (იმავე წელს!!!) – სირცხვილია და მეზობლებსა თუ ნათესავებში თავის მოჭრა არ აგვცდება.
მინდა შევეხო რამდენიმე თემას:
1) არ არის აუცილებელი, კვიცი გვარზე ხტოდეს
2) მშობლებმა უნდა მისცენ რჩევა შვილებს, და არა უბრძანონ მათ, რაზე და სად ისწავლონ
3) უნივერსიტეტში ჩაუბარებლობა არ არის სირცხვილი!
ახლა მინდა მოგიყვეთ ჩემი, ალბათ, უინტერესო ისტორია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.
ფაქტობრივად, არაფერი მაკლდა ცხოვრებაში, დავამთავრე საუკეთესო სკოლა (ფიზიკა-მათემატიკური) და ვსწავლობ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, საუკეთესო ფაკულტეტზე. “ფაქტობრივად” კი იმიტომ ვახსენე, რომ ეს სკოლა სულაც არიყო საუკეთესო, და უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გამოვიარე დღეს რომ იქ ვყოფილიყავი ,სადაც ვარ.
6 კლასიდან, ყოველ წელს, ყოველ თვეში, როცა გაუხარდებოდათ, ჩემი მშობლები “რჩევას მაძლევდნენ” (საინტერესოა არა, ათასჯერ რომ მისცემ რჩევას ბავშვს?), რომ ჩამებარებინა სამედიცინო უნივერსიტეტში, გამოვსულიყავი ექიმი და მაგარი “მაყუთი მეკეთებინა”, საკუთარ კაბინეტში ვმჯდარიყავი და მიყვარდა თუ არა ეგ საქმე, მეზობლები და ნთესავები გამეხეთქა გულზე <3 თორემ, ისე რა მნიშვნელობა აქვს, ხარ თუ არა მოწოდებით ექიმი და შეგიძლია თუ არა, სხვისი სიცოცხლე შენს პასუხისმგებლობად აქციო. მოკლედ, “მარიაჟობა” და ბოღმით გასკდომა იქით რომ გადავდოთ, მე ეს არ მინდოდა. 5 კლასიდან ვოცნებობდი დიზაინერობაზე (როგორც ჩემნაირი პაწუკები ოცნებობენ და ისეთ რაღაცებს კერავენ და ხატავენ, მტრისას), მაგრამ გადამაფიქრებინეს.. ექიმობა თუ არგინდა, ბიზნესმენი გამოდიო, ეკონომისტი გამოდიო… მოკლედ ყველაფერი, რაც არ მინდოდა, შემეძლო გამოვსულიყავი. მადლობა მშობლებო, ამდენი არჩევანის საშუალება რომ მომეცით <3
ჩემს მიზანს რადგან ვერ მივყვებოდი, გადავწყვიტე, დავთანხმებოდი და ჩამებარებინა იქ, სადაც მათ უნდოდათ (ეს სახლში არ გაიმეოროთ!!!!). ბოლო წელს, როცა მივხვდი,რომ ჩემგან ექიმი არ დადგებოდა და რაც მომეწონებოდა, ყველაფერს ამოვაჭრიდი პაციენტს ოპერაციის დროს, ეკონომისტობა გადამიწყვიტეს (მაგარია რაა, გოგო რომ ბანკში ზის, მაგრა მევასება)..
აბიტურიენტი გავხდი და…….. (ჩემი აბიტურიენტობის დაუვიწყარ, მრავალფეროვან და მოულოდნელობებით სავსე პერიოდზე შემდეგ ბლოგში მოვყვები)
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისეთი ქულები ავიღე, დედა შვილს არ აიყვანდა. ვერ მოვხვდი იქ, სადაც ჩემს მშობლებს უნდოდათ. ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე თსუში, თუმცა როცა ჩემი მშობლების უკმაყოფილო სახე დავინახე, გადავწყვიტე ეკონომიკაზე გადავსულიყავი, იმის მიუხედავად, რომ ფსიქოლოგიაც არანაკლებად მაინტერესებდა. იმდენად მქონდა ჩანერგილი, რომ მშობლების სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი, ჩემი სურვილი არც მახსოვდა და რაც მათ უნდოდათ, მეც ის მინდოდა. ეკონომიკაზე ვერ გადავედი, თუმცა რადგან დაჟინებით მთხოვდნენ პროფესიის შეცვლას, გადავწყვიტე გადავსულიყავი მათემატიკაზე (იმის მიუხედავად რომ ბოლოს ესეც არ მოეწონათ). მამაჩემი მასწავლებელი და ლექტორი იყო, მეუბნებოდა დაუფასებელია მასწავლებლობაო და ამდენ უტვინო ბავშვს უნდა უხსნა ერთი და იგივეო (აი მესმის, საკუთარი პროფესიის სიყვარული). ბოლოს რა მირჩიეს აღარ მახსოვს..
1 წელი ვიყავი სტუდენტი და იცით რას მივხვდი? ერთადერთი, ვისაც აქვს უფლება, გადაგიწყვიტოს რამე, გიბრძანოს, აგიკრძალოს და ასე შემდეგ, არის საკუთარი თავი.
ამ უინტერესო და ჩახლართული ისტორიის მერე გეტყვით, რომ დღეს , მე იქ ვარ სადაც მინდა, იმ უნივერსიტეტში,რომელიც მინდა და ამას მივაღწიე იმით, რომ არავინ მიმითითებდა რა მინდოდა, მე დავუსვი ჩემს თავს კითხვა, თუ რისი კეთება მსურდა და პასუხის ძიებაში არავის შეუშლია ხელი.
ასე რომ, არ არის ტრაგედია დაბალი ქულები, არ არის ტრაგედია თუ იმას ვერ გააკეთებთ, რასაც მშობლები ითხოვენ თქვენგან, არ არის ტრაგედია თუ იქ ვერ მოხვდით,სადაც გინდოდათ.
ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს, აკეთეთ ის რაც გინდათ, მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ჩვენთვის უინტერესო რაღაცებში გავფლანგოთ დრო.
მშობლებო! ურჩიეთ, და არ უბრძანოთ!
ბედნიერად .. <3