უბრალოდ…

ყოველდღიურად უამრავ ამბავს ვიგებთ, ვუსმენთ ათობით ადამიანს: კონსულტანტს მაღაზიაში,პროდუქტის არჩევაში რომ გვეხმარება, ლექტორს უნივერსიტეტში ან  მეგობარს, რომელსაც პრობლემები აქვს.  ვკითხულობთ სასწავლო მასალას, პოსტებს სოციალურ ქსელებში, იქნებ ლიტერატურასაც.  საინტერესო ისაა, რომ დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ნახევარიც კი არ გაგვიგია, არ გაგვიაზრებია და, მით უმეტეს, სწორად.

ადამიანის გონება უცნაურადაა მოწყობილი. ამაზე, ალბათ, ყველანი ვთანხმდებით. ყოველი ჩვენგანის სახით ცოცხალი სიახლე დააბიჯებს, ემოციებისა და მოვლენების გროვა. ზოგჯერ ვიკარგებით დედამიწაზე. ეს კი ყველაზე ხშირად სწორედ ახალგაზრდებს გვემართება. ხანდახან ძალიან, ძალიან გვიჭირს ჩვენი ადგილის პოვნა და, მით უფრო, მისი შენარჩუნება. ეს ადგილი , ურთიერთობებს ეხება საქმე, თუ კარიერას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პიროვნულობის განმსაზღვრელია. თვითდამკვიდრებაა სწორედ ის, რისკენაც ყველანი მივისწრაფვით.

დილით ვიღვიძებთ, ვცდილობთ აღარ ვიფიქროთ ძილის მოჭარბებულ სურვილზე ( განსაკუთრებით, ზამთარში, როცა ზოგჯერ თითქმის სიბნელეში გვიწევს უნივერსიტეტისაკენ წასვლა და თბილი სახლის დათმობა), ვიხსენებთ თეორიას, რომელიც ძალისძალად დავიმახსოვრეთ წინა ღამით,  შევდივართ აუდიტორიაში და ვცდილობთ, საკუთარი მაქსიმუმის კეთებას. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოტივაცია სადღაც ჯანდაბაში გაუჩინარდება ხოლმე და სწორედ ესაა ყველაზე კოშმარული პერიოდი სტუდენტური სამყაროდან, პირადად ჩემთვის.

წარმატება უბრალოდ არ მოვა, არ გადაგვხვევს ხელს და გვეტყვის: ,, ჰეი, ძმობილო, მე სულ გვერდით ვიქნები.” იგი უფრო იმ ცელქ არსებას ჰგავს, რომელიც მინიშნებებს, ერთგვარ გასაღებებს გვიტოვებს გზადაგზა და დამალობანას გვეთამაშება. სწორედ მაშინ, როცა გადაწყვეტ, რომ ხელთ მოიგდე, ფეხი აგიცურდება და დაღმართზე დაეშვები. მთავარია, ტალახიანი და დაგლეჯილი სამოსით ისევ ფეხზე წამოდგე და შეჩერებაზე ან უკან დახევაზე ფიქრიც კი არ გქონდეს თავში.  სანამ შენ დასაბანად, გამოსაცვლელად და ჭიქა ყავის დასალევად შინ დაბრუნდები, სხვა მიისაკუთრებს შენს წარმატებას. ეს კი მოხდება იმდენჯერ, რამდენჯერაც გადაწყვეტ, რომ შენს მიზანზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს.