ოთხო წელიწადო….

„ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. „ – ალბათ ყველას გახსოვთ ეს მონაკვეთი „მგზავრის წერილებიდან“, მახსოვს აბიტურიენტობის დროს მთლიანი აბზაციც კი ზეპირად ვიცოდი, თუმცა ერთია როდესაც რაღაცას იზეპირებ და მეორეა როდესაც ამას საკუთარ თავზე გამოცდი….

 

ალბათ მიხვდით, რომ თბილისელი არ ვარ, წარმოშობით იმერეთის პატარა ქალაქ – ხონიდან ვარ და როდესაც სტუდენტი გავხდი, მომიწია თბილისში გადაბარგება… ვერ გეტყვით რომ ეს მარტივი იყო, სრულიად ახალი გარემო, ახალი ქალაქი, სწავლის ახალი მეთოდი და ა.შ ვერ ვიტყვი რომ მშობლიურ ქალაქში ხშირად ჩავდიოდი, მაგრამ სწორედ, როდესაც იშვიათად ჩადიხარ ხოლმე, მაშინ უფრო ხვდები თუ როგორ გენატრებოდა თურმე „სახლი“. სადაც არ უნდა ვიყო, როგორ კარგ გარემოშიც, ძალიან კონფორტულადაც კი, ერთი რამ ყოველთვის მაკლია და ამას ვერაფერი შეცვლის, ეს ჩემი სახლის განსხვავებული სურნელია, რომელსაც მხოლოდ მე ვგრძნობ და რომელიც მხოლოდ აქაა – ჩემს სახლში, რომელის ასე უბრალოდ სახლი კი არაა, ეს მთელი მოგონებების და ისტორიის სკივრია, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის .  სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ხონში მივდივარ და ვუახლოვდები ქალაქს, აუცილებლად ეს სიტყვები მახსენდება და სწორედ ახლა ვხვდები, რას ნიშნავს ეს ოთხი წელიწადი, ახლა ვხვდები (ცოტათი მაინც), რას განიცდიდა მაშინ ილია ჭავჭავაძე.  შეიძლება სულაც არ იყოთ ჩამოსული სტუდენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ ოთხ წელიწადზე ყველას გიფიქრიათ. ეს ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც უკვე ვხვდებით პატარები აღარ ვართ, მაგრამ არც გაზრდა გვინდა, როდესაც უკვე დამოუკიდებლები ვართ და თითქოს ეს დამოუკიდებლობა გვაშინებს კიდეც. მე ყველაზე მეტად ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს: რა იქნება ამ ოთხი წლის შემდეგ? შევძლებ საკუთარი თავის რეალიზებას? როგორ მიმიღებს ის გარემო სადაც ვიქნები?

 

და მაინც, რაც ყველაზე პარადოქსულია, ეს ყველაზე რთული 4 წელიწადი მომავალში ყველაზე ტკბილი მოგონება იქნება ჩვენთვის, რადგან სწორედ ამ ოთხ წელიწადში ვისწავლით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ და დავინახავთ თუ რამდენი შეგვძლებია…. რაც ყველაზე მთავარია, ერთი წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მიზანი, მუდმივად უნდა ვუყურებდეთ მას, როგორც მომავალში მოციმციმე სინათლეს. მართალია, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდება, ბევრჯერ შეიძლება გაჩერებაც მოგვიწიოს, მაგრამ მაინც ის მოკიაფე სინათლე მუდამ უნდა ჩანდეს ჩვენს თვალებში და საბოლოოდ მცირე ალი მოგიზგიზე კოცონად გადავაქციოთ… გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიიღეთ ყოველი გამოწვევა და, რაც მთავარია, სწორად უნდა შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე ჩვენს გვერდით იქნებიან – If you want to go fast, go alone!
If you want to go far, go together!