ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არ არის მხოლოდ რიგითი უნივერსიტეტის სახელწოდება, ეს არის საქართველოს განათლების გული. მახსოვს, მეშვიდე კლასიდან როგორ ვოცნებობდი აქ ჩაბარებაზე, როგორ ვაგროვებდი მასზე ინფორმაციას, როგორ ვეკითხებოდი ყველას, თუ რა იცოდნენ მის შესახებ და ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც გავხდებოდი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი. ვფიქრობდი, თუ რას ვიგრძნობდი მაშინ, როდესაც ოცნება ამისრულდებოდა, რას მოვიმოქმედებდი, დადგა ეს მომენტიც. ემოციის გარეშე ვერ ვიხსენებ შედეგების გაგების პროცესს, სიხარულით ახლაც ვივსები, როგორ ველოდებოდით სისტემაში შესვლას ოჯახის ყველა წევრი, „დაელოდეთ“, ეს სიტყვა, როდესაც გამოჩნდა სიჩუმე ჩამოვარდა, ლოდინის ყოველი წამი საუკუნედ გადაიქცა და აი ისიც, გამოჩნდა შედეგები და როდესაც დავინახე ის, რაც იქ ეწერა, ყველაფერი შეიცვალა,შევიცვალე მე, იმ მომენტიდან თავიდან დავიბადე.
ბათუმიდან ვარ და, სიმართლე გითხრათ, არასდროს არ მქონდა თსუ ნანახი, რეგისტრაციაზე რომ მივედი და დავინახე, თუ როგორ იდგა ბუმბერაზივით, მივხვდი, რომ ის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ შენობა. შესვლისთანავე სხვა განცდა დამეუფლა, თითქოსდა, სახლში ვიყავი, ყველაფერი შემიყვარდა, ყველა კუთხე-კუნჭული. 13 სექტემბერს მაღლივსაც ვეწვევი, მაინტერესებს როგორი გარემოა, მგონია, რომ თსუ–ს ყველაზე ცნობადი კორპუსია. დიდ იმედებს ვამყარებ თსუ-ზე და, ვფიქრობ, არ გამიცრუვებს მოლოდინებს, არც აქვს ამის უფლება. ვიცი, ბევრ აწ უკვე სტუდენტს უნდოდა აქ ჩაბარება, მაგრამ არ გაუმართლა, ვერ მოაღწიეს თსუ-მდე, თუმცა მინდა გითხართ, რომ ამით არაფერი არ სრულდება, მომავალში სცადეთ და აუცილებლად მიაღწევთ თქვენს მიზანს.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, დაბოლოს, ვტოვებ ჩემს საყვარელ ბათუმს, ვტოვებ, რათა მივიღო ხარისხიანი განათლება, რადგან „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“.