სახელმწიფო გრანტის მოპოვება/გაუმჯობესება

   როგორც იცით, თსუ–ის უკლებლივ ყველა ფაკულტეტზე სწავლის გადასახადი განისაზღვრება 2250 ლარით. შესაბამისად, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე თსუ–ში ჩაირიცხებით 100%–იანი გრანტით (რომელიც სახელმწიფოს მიერ 2250 ლარითაა განსაზღვრული), არ მოგიწევთ სწავლის საფასურის გადახდა.  70%–იანი გრანტით ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის საფასური 675 ლარს შეადგენს, ხოლო 50%–იანი გრანტით ჩარიცხვისას – 1125 ლარს.

    თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტი ვერ მოიპოვეთ, თქვენ გაქვთ შანსი გრანტი მოიპოვოთ/გაიუმჯობესოთ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე!

    ისევე როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსაც ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.  კონკურსში მონაწილეობის საფუძველზე გეძლევათ საშუალება მოიპოვოთ ან გააუმჯობესოთ სახელმწიფო დაფინანსება 50, 70 ან  100 პროცენტიანი გრანტით.

    მაგალითად, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხეთ 50%–იანი გრანტით და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ვერ გააუმჯობესეთ გრანტი 70 ან 100 პროცენტამდე, ან სულაც, ვერც 50%–იანი გრანტის შესაბამისი საკონკურსო ქულა დააგროვეთ, არაფერი ემუქრება სახელმწიფოს მიერ თქვენთვის გადმოცემულ 50%–იან გრანტს. ანუ სანერვიულო არაფერი გაქვთ და აუცილებლად გირჩევთ, მიიღოთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა.

რაც შეეხება რეგისტრაციას

  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამის ვებ–გვერდზე.
  • რეგისტრაციის ვადები, რა თქმა უნდა, წინასწარ არ არის ცნობილი და ცვალებადია, თუმცა, როგორც წესი, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პარალელურად მიმდინარეობს.
  • რეგისტრაცია ფასიანია და მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

ტესტის ფორმატი

ტესტი შედგება 42 დავალებისაგან, რომელთაგან 21 დავალება გვხვდება წაკითხულის გააზრების ნაწილში, 14 დავალება ლოგიკური მსჯელობის ნაწილში და 7 დავალება რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველ არასწორად შესრულებულ დავალებაზე კარგავთ მის შესაბამის 1 ქულას და არასწორი პასუხის დაფიქსირებისთვის ასევე გაკლდებათ 0.2 ქულა, ანუ ერთ არასწორ პასუხზე 1.2 ქულა გაკლდებათ. 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ 2017 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!