ჩამოსული სტუდენტის ქრონიკები-მეთქი და ეს სერია ისე როგორ გაგრძელდებოდა საცხოვრებლის პრობლემას რომ არ შევხებოდი?! ზოგს ნათესავი ჰყავს თბილისში, ზოგს გაუმართლა და ბინა აქვს, ზოგიც კიდევ არაა ასეთი იღბლიანი. ბოლო-ბოლო სტუმართმოყვარეობასაც გააჩნია საზღვრები და რამდენ ხანს დარჩები ნათესავთან?!
მოკლედ ჩარიცხვების ციებ-ცხელება გადავლახეთ, დედაჩემმა როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა და გადავწყვიტე მეთქვა რომ მის მიერ ჩუმად დამატებული ოცდაათივე ფაკულტეტი წაშლილი მქონდა და ჩარიცხვებს საყვარელი ფაკულტეტის ამარა შევეგებე… იქ ამბავი დატრიალდაა… დედას შვილი არ ავყავდი ხელში.. ეს ყველაფერი გადავაგორეთ და ჩემს სამეგობრო წრეში აქტიურად დაიწყო მსჯელობა საცხოვრებელი ბინის საკითხზე.
მშობლებთან ჩვენმა შრეკის კატის თვალებმა არ გაჭრა. გამოგვიცხადეს, ჭორაობის მეტს არაფერს გააკეთებთ და აქედანვე შეეგუეთ რომ ცალკე იცხოვრებთო. ბევრი წუწუნის შემდეგ ჩვენი მაინც ვერ გავიტანეთ და ასე აღმოვჩნდით დიდი ქალაქის სხვადასხვა უბანში დაფანტულები.
ბინის ძებნა ერთი დიდი შარია, ცოტა გათვიცნობიერებული თუ არ ხარ მაგ საკითხში, ჩათვალეთ, გაგატყავებენ.
აქედანვე უნდა შეეგუოთ, როდესაც ბინის აღწერას კითხულობთ და წააწყდებით ფრაზას „სუფთა ბინა, საცხოვრებლად გამოსადეგი“ ან რამე მსგავსი ადგილზე მისულებს ერთი დიდი იმედგაცრუება დაგხვდებათ.. ბოლო ბინა რომ ვნახე მსგავსი აღწერით, იმ სამზარეულოში თავმოყვარე ღორი არ შეჭამდა საჭმელს (თუმცა ეგ ორი ცნება ერთად რამდენად შესაძლებელია?! არ ვიცი, უნდა დავფიქრდე). მოკლედ სამზარეულოთი გულგახეთქილმა სააბაზანოსკენ გადავინაცვლე და აი მანდ მივხვდი რომ უნდა გავქცეულიყავი, ეგრევე ის track გამახსენდა რა..
https://m.youtube.com/watch?v=jBI7S-5h5yg
ჰოდა მეც, როგორც ამ გიფშია ნაჩვენები, ისე გავიქეცი და აღარც დავბრუნებულვარ https://giphy.com/gifs/justin-g-run-away-fast-l0NwF1dnk7GRz3pK0
მოკლედ, რისი თქმა მინდოდა, როდესაც გაიგებთ რომ სტუდენტი ხართ და ბინის ძებნას დაიწყებთ დაიმახსოვრეთ:
• ორი ყოველთვის ნაკლებს იხდის, ვიდრე ერთი, ამიტომაც თუ გყავთ მეგობარი, რომელთან ერთადაც ცხოვრება კომფორტულია, თქვენთვის აჯობებს ერთად იქირაოთ ბინა. ამით ორივე მოგებულები დარჩებით.
• როდესაც ბინის ძებნას დაიწყებთ, არეალს ნუ დაავიწროებთ საბურთალო-ვაკემდე დაიმახსოვრეთ, სხვა უბნებში ადამიანურ ფასად შეგიძლიათ კარგი ბინის შოვნა.
• ალბათ უმეტესობა გადაწყვეტთ ინტერნეტით მოაგვაროთ ეს პრობლემა და saqme.ge – place.ge საუკეთესო საიტებია მაგ ამბისთვის.
• მესმის, თავიდან გიხარიათ დედა რომ არ გადგათ თავზე და არ გაძალებთ სწორ კვებას, მაგრამ პირველი სემესტრის ბოლოს სვავივით რომ დააცხრებით სახლში მომზადებულ კერძს, მერე მიხვდებით სტუდენტობა რა ხილია.
• თბილისში ცხოვრება იაფი არაა, მითუმეტეს თუ ჩემნაირი „წიკიანი“ ხარ და პროდუქტის ვარგისიანობაში და სისუფთავეში უნდა იყოთ დარწმუნებული. პირადად მე გარე მოვაჭრეებისგან ვერაფერს ვყიდულობ და თანხის უმეტესი ნაწილი სწორედ კვებაზე მეხარჯება.
• ბინის ქირაზე ძალიანაც ნუ გაიქაჩებით, რაც უფრო ნაკლებია ქირის გადასახადი, მით მეტია თქვენი სახარჯი ფული.
• იმ დროის განმავლობაში, როცა უცებ აღმოაჩენ რომ ფული აღარ დაგრჩა, ისწავლით თანხის სწორად განაწილებას.
დაბოლოს, თუკი არც ბინის საშუალებაა და ნათესავთან ცხოვრების იდეაც არ გამოიყურება მიმზიდველად, თსუ-ს აქვს საერთო საცხოვრებელი, სადაც შეგიძლიათ ზაფხულში მოასწროთ ადგილის დაკავება (წლის სხვა დროს მაგის ილუზიას ნუ შეიქმნით, უამრავი თქვენნაირია)
მოკლედ, როგორც გალსტუკიანი პეპელა იტყოდა ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა.