ყველაფერი კრედიტების შესახებ

   თითოეული საგნისთვის მინიჭებულია შესაბამისი კრედიტების რაოდენობა. მაგალითად, 5 კრედიტიანი ან 10 კრედიტიანი საგანი. საგნის შესაბამისი კრედიტები მოგენიჭებათ სემესტრის ბოლოს. შევეცადე კრედიტების ირგვლივ არსებულ ყველა კითხვაზე მომეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც კითხვა–პასუხის რეჟიმშია წარმოდგენილი.

რა არის კრედიტი?

   კრედიტით იზომება სტუდენტის მიერ საგნის შესწავლისათვის დახარჯული დრო. იგი მოიცავს საგნის შესწავლისათვის გამოყოფილ როგორც საკონტაქტო (სალექციო, ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები), ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის დახარჯულ დროს. ერთი კრედიტი 25 საათია.
თითოეული საგნისთვის მინიჭებულია შესაბამისი კრედიტების რაოდენობა. მაგალითად, 5 კრედიტიანი ან 10 კრედიტიანი საგანი.

რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?

   ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. ამ რაოდენობის კრედიტების დაგროვება შესაძლებელია:

ა) ძირითადი სპეციალობის (major) 170 კრედიტის, დამატებითი სპეციალობის (minor) 60 კრედიტისა და თავისუფალი 10 კრედიტის ერთობლიობით;

ბ) მხოლოდ ძირითადი სპეციალობის (major) კრედიტებისა და თავისუფალი კრედიტების ერთობლიობით; (ანუ დამატებით/მეორად სპეციალობას არ აირჩევთ და შესაბამის კრედიტებს დააგროვებთ თქვენთვის სასურველი საგნების გავლით)

საბაკალავრო პროგრამის ფორმატის დაგეგმვა სტუდენტის პრეროგატივაა და იგი თავისუფალია თავის არჩევანში; შესაბამისად თქვენივე სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი სპეციალობა ან დამატებითი სპეციალობისათვის განკუთვნილი კრედიტების რაოდენობა დააგროვოთ სასურველი საგნების შესწავლით, რომელთა არჩევაც შეგიძლიათ როგორც ძირითადი ფაკულტეტის ფარგლებში, ასევე უნივერსიტეტის ნებისმიერ სხვა ფაკულტეტზე სხვა ფაკუტეტებზეც.

რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს მაგისტრანტმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?

  მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტრმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

რამდენი კრედიტის არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს სემესტრში?

   აკადემიური რეგისტრაციისას გასათვალისწინებელია, რომ კრედიტების წლიური დასაშვები რაოდენობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 65 კრედიტით. სტუდენტს შეუძლია ამ 65 კრედიტიდან 30 დაგეგმოს  შემოდგომის სემესტრში, ხოლო 35 გაზაფხულის სემესტრში. შესაძლებელია პირიქითაც: 35 დაიგეგმოს შემოდგომის სემესტრში, ხოლო 30 გაზაფხულის სემესტრში.

თუ სტუდენტმა ვერ მოიპოვა სემესტრში დაგეგმილი კრედიტები?

თუ სტუდენტმა ვერ მოიპოვა შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი კრედიტები იგი ვერ შეძლებს გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის გადაჭარბებას. მაგალითად, თუ სტუდენტი შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი 35 კრედიტიდან მოიპოვებს მხოლოდ 20, გაზაფხულის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციისას იგი ვერ შეძლებს 30-ზე მეტი კრედიტის დაგეგმვას.

რამდენჯერ შეუძლია სტუდენტს ერთი საგნის მოსმენა?

ერთი და იგივე საგნის მოსმენა სტუდენტს შუძლია სამჯერ. თუ სტუდენტი მესამედ აირჩევს რომელიმე წინა სემესტრში უკვე არჩეულ ისეთ საგანს, რომელშიც კრედიტი არა აქვს აღებული და ისევ ვერ მიიღებს კრედიტს, მას მიეცემა სპეციალობის შეცვლის, თსუ-ის სხვა ფაკულტეტზე ან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის შესაძლებლობა. (მარტივად რომ გითხრათ, ფაკულტეტზე არ დაიშვებით და მოგიწევთ სხვა ფაკულტეტზე ან სხვა სასწავლებელში გადასვლა)

რა შემთხვევაში ენიჭება სტუდენტს კრედიტი?

სტუდენტს კრედიტი ენიჭება, თუ მან ჩააბარა ფინალური გამოცდა და სემესტრული შეფასებით დისციპლინაში მოაგროვა არანაკლებ 51 ქულისა. (სემესტრული შეფასება არის სტუდენტის მიერ ფინალური გამოცდის წინა პერიოდში დაგროვილი ქულებისა და გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამი.)

გაითვალისწინეთ

თუ  7 სემესტრის განმავლობაში ნაცვლად 210–ისა, დააგროვეთ 200 კრედიტი, მაშინ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უნივერსიტეტი გაძლევთ საშუალებას მერვე სემესტრში გაიაროთ 40 კრედიტის შესაბამისი საგნები, რათა არ მოგიხდეთ დამატებითი სემესტრის გავლა და 4 წელიწადში მიიღოთ ბაკალავრის ხარისხი. ეს შესაძლებლობა (მსგავსად სხვა არაერთისა) შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველგვარი დამატებითი თანხის გადახდის გარეშე!

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!