სანამ უშუალოდ გამოცდებზე დავიწყებ საუბარს, მინდა რამდენიმე სიტყვით აგიხსნათ საგნის ქულათა განაწილების სტრუქტურა.
ნებისმიერი საგნის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა და საგნის ჩაბარებულად ჩათვლისთვის საკმარისია 51 ქულა. როგორც წესი, თითოეული საგნისთვის ამ 100 ქულის განაწილება სემინარულ აქტივობაზე, დასწრებასა და შუალედურ(ფინალურ) გამოცდაზე დამოკიდებულია საგნის სპეციფიკაზე; თუმცა საგნების უმეტესობისათვის ქულები შემდეგი სქემით ნაწილდება ხოლმე:
სემინარული აქტივობა და დასწრება – 30 ქულა (25+5 ან 20+10 სისტემით)
შუალედური გამოცდა – 30 ქულა,
ფინალური/დასკვნითი გამოცდა – 40 ქულა.
შენიშვნა: ზოგიერთ საგანში ფინალური გამოცდა არის 30 ქულიანი, რაც განპირობებულია კონკრეტული საგნის სილაბუსიდან გამომდინარე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე, გამოცდების ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი. იმ გამოცდების ორგანიზებას, რომლებიც ტარდება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ან რომელთა ჩატარებაც ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით ვერ ხერხდება საგამოცდო ცენტრის მიერ, უზრუნველყოფს შესაბამისი ფაკულტეტი.
შუალედური გამოცდა
შუალედური გამოცდა ფაკულტეტთა უმრავლესობაზე სემესტრში ერთხელ, მეშვიდე ან მერვე კვირაში ტარდება ხოლმე და შესაძლებელია მაქსიმუმ 30 ქულის მოპოვება. რამდენიმე ფაკულტეტზე შუალედური გამოცდა ტარდება ორჯერ – მეექვსე და მეცამეტე კვირაში. ასეთ შემთხვევაში თითოეულ გამოცდაზე მაქსიმუმ 15 ქულის მიღებაა შესაძლებელი, შესაბამისად ჯამში 30 ქულა გამოვა.
რჩევა პირადი გამოცდილებიდან:
ვისაც გსურთ, რომ საგნები მაღალ ქულებზე დახუროთ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ძალიან ცოტა ქულა დაკარგოთ შუალედურ გამოცდებზე, რაც ფინალურ გამოცდებზე ძალიან წაგადგებათ.
ფინალური/დასკვნითი გამოცდა
დასკვნითი გამოცდები, რა თქმა უნდა, სემესტრში მხოლოდ ერთხელ, სააუდიტორიო მეცადინეობების დასრულების შემდეგ ტარდება. ამ გამოცდაზე დაშვების წინა პირობაა, რომ სტუდენტს სემესტრის განმავლობაში დაგროვებული ჰქონდეს არანაკლებ 11 ქულისა (თუ ფინალური 30 ქულიანია, მაშინ სავალდებულოა 21 ქულის დაგროვება) . ფინალური გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა. სტუდენტს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება თუ დასკვნით/განმეორებით გამოცდაზე მიიღებს ამ კომპონენტისთვის დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%–ს.
სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება და შესაბამისი კრედიტები ენიჭება, როდესაც სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულებისა და დასკვნით გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამი შეადგენს მინიმუმ 51 ქულას.
განმეორებითი გამოცდა
იმ შემთხვევაში თუ, ფინალურ გამოცდაზე ვერ დააგროვებთ მაქსიმალური შეწფასების 50%–ს ან ვერ გამოცხადდებით გამოცდაზე საპატიო მიზეზის გამო და თქვენს მიერ დაგროვილი ქულები 41–ს ან მეტს შეადგენს , უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ გახვიდეთ განმეორებით გამოცდაზე. განმეორებითი გამოცდები, რა თქმა უნდა, ფინალური გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ტარდება და ამ გამოცდაზე გასვლა სრულიად უფასოა (განსხვავებით სხვა სასწავლებლებისგან…).
მაგ; თუ გაქვთ დაგროვილი 30 ქულა და ფინალურ გამოცდაზე მიიღეთ 11 ქულა (ანუ ჩაიჭერით), მაინც გაქვთ უფლება გახვიდეთ განმეორებით გამოცდაზე, რადგან ჯამში 41 ქულა დაგიგროვდათ. მაგრამ თუ სემესტრული შეფასების და ფინალურ გამოცდაზე მიღებული შეფასების ჯამი 41–ზე ნაკლებია, საგანი ხელახლა უნდა გაიაროთ, რაც ასევე უფასოა განსხვავებით სხვა სასწავლებლებისაგან…
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი განლაგებულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის „მაღლივ“ და „განივ“ კორპუსებთან.
- საგამოცდო განრიგი (თარიღი და სესიის ნომერი) განთავსდება თქვენს პროფილზე sms.tsu.ge-ზე შესაბამის განყოფილებაში.
- საგამოცდო სექტორის ნომერი და სამუშაო მაგიდის ნომრები ყოველი გამოცდის წინა დღეს იდება თსუ–ს ოფიციალურ ვებ გვერდზე(Tsu.ge). ასევე, საგამოცდო ცენტრში შეგიძლიათ მარტივად დაადგინოთ რომელ სექტორში ხართ შესაბამისი თანამშრომლების დახმარებით.
- სტუდენტმა სემესტრულ გამოცდაზე რეგისტრაციის დროს უნდა იქონიოს სტუდბილეთი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დაბოლოს, მინდა გირჩიოთ, რომ გამოცდებისთვის ძალიან კარგად მოემზადოთ. გადაწერის შანსი, ფაქტობრივად, არ არის და ‘შპარგალკის’ შეტანაც გამორიცხულია, რადგან ბოტასას ყოვლისმხილველი თვალი ყველას და ყველაფერს გვაკვირდება. მართლა კარგად მოემზადეთ, თორემ გამოცდებზე მხოლოდ თქვენ, საგამოცდო ფურცელი და ღმერთი რომ დარჩებით და ლოცვას დაიწყებთ, არც ეგ გაამართლებს, რადგან სატელეფონი კავშირის ჩამხშობ მოწყობილობასთან ერთად ბოტასა ლოცვების ჩამხშობსაც რთავს :დ
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!