სამედიცინო დაზღვევა

როცა სტუდენტი გახდებით უნივერსიტეტი აუცილებლად შემოგთავაზებთ სტუდენტურ დაზღვევას. დიდხანს ნუ დაფიქრდებით მის საჭიროებაზე, 4წელი უნიში მოგიწევთ ყოფნა და რა იცით რომელი გამოცდის დროს წამოგეწევათ ნევროზი. დაზღვევის აღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. თქვენ გეკუთვნით შემდეგი სახის უ ფ ა ს ო სამედიცინო მომსახურებები: ყველა სისტემის ექოსკოპია, ყველა სისტემის რენტგენოგრაფია-რენტგენოსკოპია, ყველა სპეციალისტის კონსულტაცია, ოჯახის ექიმის მომსახურება როგორც ადგილზე, ისე ბინაზე გამოძახებით, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ლიპიდური ცვლა, კრეატინინი,ქოლესტერინი, გლუკოზა, ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა, გადაუდებელი 100% და გეგმიური ოპერაციები 80% .

კარგი იქნება თუ თქვენც ჩემსავით არ მოტყუვდებით და არ დაიჯერებთ რომ აღნიშნული დაზღვევით სარგებლობა მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებულ კლინიკაშია შესაძლებელი. სასურველი კლინიკა შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით აარჩიოთ, იქნება ეს ტერიტორიული ნიშნით, რომ საცხოვრებლიდან ძალიან შორს არ მოგიწიოთ სიარული,თუ თქვენთვის სასურველი ექიმებიდან გამომდინარე. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული სად გაააქტიურებთ სტუდენტურ დაზღვევას.

საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წააწყდებით როცა დაზღვევით სარგებლობას გადაწყვეტთ. მოულოდნელად თუ რაიმე შეგაწუხებთ და ექიმთან ჩასაწერად დარეკავთ , აღმოაჩენთ რომ მას მხოლოდ 4 ან თუნდაც 7დღის შემდეგ სცალია(10 დღეც უთქვამთ). ამ დროში შესაძლოა თავისით გაგიაროთ ყველაფერმა რაც გაწუხებდათ, ან გაცილებით უარესად გახდეთ. როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში?! -ვეწერებით ექიმთან როცა სცალია, მაგრამ ჩვენთვის სასურველ დროს მაინც ვაკითხავთ მას (თუნდაც იმავე დღეს) და ე.წ. ცოცხალ რიგში ვდგებით. მიმღებში შეგიძლიათ უთხრათ რომ ჩაწერილი იყავით, ან ექიმმა დაგიბარათ. ზოგადად ტყუილი ცუდია, მაგრამ როცა საქმე ჩვენს ჟანმრთელობას ეხება რას ვიზამთ. თუ აღნიშნული მეთოდი არ გაამართლებს მე ნუ დამაბრალებთ რამეს , ? ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ჭრიდა.

კარგი იქნება თუ ისეთ კლინიკას აარჩევთ სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეში შეგეძლებათ და თუნდაც რენტგენის გადასაღებად სხვაგან არ მოგიწევთ წასვლა.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა სტუდენტურ დაზღვევაზე. დანარჩენს თავადაც გეტყვიან. თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ ვეცდები გიპასუხოთ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერ სტუდენტობას!

 

 

 

რა შემთხვევაში წყდება დაზღვევის მოქმედება?

დაზღვევის მოქმედება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სადაზღვევო პერიოდის დასრულებისას;

ბ) დაზღვეული პირის გარდაცვალებისას;

გ) სტუდენტის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმისას;

დ) თუ სტუდენტი იმყოფება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

ე) თუ სტუდენტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტატუსის შეჩერება დაკავშირებულია ორსულობასთან, მშობიარობასთან, ბავშვის მოვლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არაუმეტეს 1 კალენდარული წლისა.

ვის შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით?

სტუდენტური დაზღვევით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს:

• რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე;

• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურების სტუდენტებს;

• პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს

როგორ განისაზღვრება სადაზღვევო პერიოდი სტუდენტებისათვის?

სტუდენტებისათვის სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სწავლის საფეხურების შესაბამისად:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებისა და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 36 თვე;

ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის  – 48 თვე;

გ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 60 თვე;

დ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 24 თვე;

ე) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 12 თვე

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა სტუდენტური დაზღვევა?

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდი გაგრძელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა, ჯამურად, დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება სწავლის შესაბამისი საფეხურისათვის განსაზღვრულ სადაზღვევო პერიოდზე მეტი.