შენ მნიშვნელოვანი ხარ!

motiviation-for-sales-success-istock-crop-600x338

მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ როგორ გავხდი გამოუსწორებელი ოპტიმისტი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთმა, დღეს უკვე ჩემთვის უსაყვარლესმა ლექტორმა გამოგვიგზავნა ქეისი, რომელზეც მომდევნო სემინარზე უნდა გვემსჯელა. თავიდან ვიფიქრე, რომ მორიგი, ჩვეულებრივი დავალება იქნებოდა და, დიდი ალბათობით, მალევე დავივიწყებდი, მაგრამ წავიკითხე და მივხვდი რომ ჩემში გარდატეხა მოახდინა. მას შემდეგ ალბათ ასჯერ მაინც წავიკითხე და ყოველ ჯერზე ახალს ვსწავლობ და კიდევ უფრო მემატება თავდაჯერებულობა. ეს ქეისი იყო შიმონ პერესის სიტყვა, რომელიც მან უკრაინაში წარმოსთქვა და გპირდებით რომ ბლოგის ბოლოს სრულად მოგაწვდით მას, მანამდე კი გაგიზიარებთ ჩემს დამოკიდებულებას.

 

ალბათ თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო პირველ რიგში ძალიან უნდა გინდოდეს მიზნის მიღწევა და საკუთარი თავის გჯეროდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ დაარწმუნო სხვებიც და დაიმკვიდრო ადგილი ცხოვრებაში. თუმცა ზოგჯერ ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუდენტი ხარ, გულში უამრავი ოცნება გაქვს, მიმოიხედავ ირგვლივ და ძალიან ცოტა შესაძლებლობას აღმოაჩენ, მაგრამ სწორედ ამ დროს არ უნდა დანებდე, უნდა იპოვო საკუთარ თავში პოტენციალი და 100%-ით გამოიყენო ის. არასდროს უნდა გაექცე პრობლემებს, რადგან მას ვერავინ გადაჭრის შენს გარდა, სწორედ ამ ყველაფრის წინაშე აღმოჩნდა თავის დროზე ისრაელი, თუმცა ვხედავთ რომ დღეს ერთ-ერთი ძალიან მდიდარი და განვითარებული ქვეყანაა. „ბუნების ყველაზე დიდი საგანძური ადამიანია“ – სწორედ ამის გააზრებით დაიწყო სახელმწიფომ ჩამოყალიბება. თუმცა ჯერ სწორედ ადამიანებმა უნდა იპოვონ საკუთარ თავში პოტენციალი და სწორი მიმართულებით წარმართონ შესაძლებლობები. გამიგონია ფრაზა-“the grass is always greener on the other side”, სწორედ ამიტომაა რომ ჩემს თაობაში ბევრს სურს „ლიჟბი აქედან წასვლა“, მაგრამ არავის სურს აქაურობა გახადოს უკეთესი. მხოლოდ იმაზე ვწუწუნებთ, თუ რა დიადი ისტორია გვქონდა და ახლა სხვაგან უკეთესი ცხოვრებაა. ვისი ბრალია ეს? ან ვინ გამოასწორებს ამას ჩვენს გარდა? ნუთუ წასვლა პრობლემას მოაგვარებს? ბოდიშით, მაგრამ უნებისყოფო და უნიათოა ყველა, ვისაც სხვაგან წასვლა გამოსავალი ჰგონია. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ შექმნან უკეთესი აწმყო, ან მინიმუმ კარგი საფუძველი დაუტოვონ შვილებს უკეთესი მომავლისთვის. პრობლემის მიზეზებს სხვებში ვეძებთ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავში ხარვეზების გამოსწორება უნდა შეგვეძლოს. მთელი გულით მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი თაობა უკეთეს საქართველოს დავტოვებთ, რადგან ჩვენ გვაქვს რესურსი, კარგი რესურსი და პირველ რიგში ეს ჩვენ ვართ, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა მოვინდომოთ, თუნდაც ერთი სურვილი მიზნად ვაქციოთ და საბოლოოდ ჩვენი ოცნებები აწმყოდ იქცევა.

 

 

ბოლოს, როგორც დაგპირდით, ბლოგს დავურთავ პერესის სიტყვას, აღარ მინდა ბევრი ვისაუბრო, ვფიქრობ, თავადაც კარგად შეძლებთ დასკვნების გაკეთებას, უბრალოდ გეტყვით ჩემს საყვარელ სიტყვებს ამ ქეისიდან –“ოცნებეთ უფრო მეტზე. რაც უფრო დიდია თქვენი ოცნება, უფრო მეტს მიაღწევთ. “ ❤

https://drive.google.com/open?id=0B9bBFuGtMPm3QzJQMExXczczNkU