ლექტორები და მათი შერჩევა თსუ-ში!

..

   

   თავიდან მინდოდა მხოლოდ ლექტორებზე დამეწერა, მაგრამ  ჯერ ორი სიტყვით პირველკურსელების რეგისტრაციით დავიწყებ. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ლექტორებსა და საგნებზე მიღებული შთაბეჭდილებები. ამან შეიძლება განაპირობოს, როგორი მოტივაციით გააგრძელებთ სწავლას და გააგრძელებთ თუ არა საერთოდ. ამიტომ არჩევისას სიფრთხილეს ნუ დაიშურებთ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებს ცხრილს დეკანატი გიდგენთ. იყო ვერსია, რომ რეგისტრაციაზე პირველად მისულთ საუკეთესო ლექტორები,ცხრილი და ჯგუფი ხვდებოდათ, თუმცა ამის იმედზე არ იყოთ, შარშან არ გაამართლა.ყოველი შემთხვევისათვის გაიკითხეთ, რომელი ჯგუფია კარგი ლექტორებით დაკომპლექტებული და რეგისტრატორს სთხოვეთ ჩანაცვლება, იყო შემთხვევები, როცა უარი არ უთქვამთ. რაც შეეხება ინგლისურის დონეებს ბიზნესსა და ეკონომიკაზე – არანაირ ტესტს არ წერთ, უბრალოდ რეგისტრაციისას ირჩევთ Aდონეზე გსურთ სწავლა თუ B–ზე და ამის მიხედვით შეგირჩევენ ჯგუფებსა და ლექტორებს.

       რაც შეეხება ლექტორების შერჩევის პროცესს. თუ გინდათ, გაიგოთ რომელიმე ლექტორის სწავლების სტილი,შეფასების სისტემა და ა.შ, პირველ რიგში, გამოიყენეთ უტყუარი, ნაცადი და ყველაზე ეფექტური ხერხი – ფეისბუქის ჯგუფის არქივი. მოძებნით ლექტორის სახელსა და გვარს, ჩაწერთ ჯგუფის სერჩში და ნახავთ ყველა პოსტს რაც მასზე დაწერილა თავის კომენტარებითურთ. სცადეთ ქართული შრიფტით, ლათინური შრიფტით და რაღაც აუცილებლად იქნება ისეთი, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. პარალელურად შეგიძლიათ ნაცნობ უფროსკურსელებს ჰკითხოთ რჩევები. მაგრამ კარგად უნდა გააანალიზოთ, როგორ აპირებთ სემესტრის გავლას. თუ სწავლა და ცოდნის მიღება გსურთ, მაშინ ისეთი ლექტორები უნდა შეარჩიოთ, რომლებსაც რაღაცის სწავლება შეუძლიათ გარდა იმისა, რაც წიგნებში წერია, ხოლო თუ უბრალოდ ქულებზე ხართ ორიენიტრებული, მოძებნეთ ისეთი ლექტორები, რომლებიც დიდად არ გაგაწვალებენ და ზედმეტ პრობლემას არ შეგიქმნიან. ზოგი ლექტორი მკაცრი და მომთხოვნია და ამის გამო სტუდენტებისგან ანტიპათიას იმსახურებენ ხოლმე, თუმცა ცოდნას ამომწურავად გადმოსცემენ და დარწმუნებულები არიან, რომ იმ ქულებს, რასაც წერენ დამსახურებულია. არიან ისეთი ლექტორებიც,რომლებიც პროფესიონალიზმთან ერთად ლოიალურებიც არიან და ქულაზე არ გადის მათთვის ცოდნის ზღვარი. სამწუხაროდ,მათთან ერთად ბევრია ისეთიც, რომელიც სამსახურში მოვალეობის მოხდის მიზნით დადის და ცოდნის გაზიარებით ზედმეტად თავს არ იწუხებს თუ სტუდენტმა არ გამოიჩინა ინიციატივა. არ შემიძლია არ გამოვხატო სიხარული იმის გამო, რომ ამ უნივერსიტეტში ასწავლიან ენთუზიასტი ლექტორებიც, რომლებიც თავიანთ პროფესიონალიზმს საქმეში ავლენენ და არ ენანებათ სტუდენტისთვის დახარჯული არც ერთი წამი, ყოველთვის მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის და მუდმივად ვითარდებიან. უყვართ თავისი საქმე, აქვთ გამოცდილება და იციან, როგორ შექმნან პროდუქტი, რომელსაც კონკურენტუნარიანი სტუდენტი ჰქვია და სწორედ მათზე დგას თსუც.

ზოგი ლექტორი თავისებურია და სპეციალური მიდგომა სჭირდება. კარგს იზამთ, თუ წინასწარვე გააფრთხილებთ, თუ რამეზე შეთანხმება გსურთ. მაგალითად, შეგიძლიათ სთხოვოთ ქვიზის აღდგენა ან გაცდენილი მასალის ლექციაზე ჩაბარება და ა.შ. თუ ეტყვით რომ სტიპენდიისთვის იბრძვით, შეიძლება რაღაც სხვა შეღავათებიც გაგიწიონ.  ამიტომ ეს ყველაფერი დასაწყისშივე გაარკვიეთ და სიურპრიზები აღარ შეგხვდებათ.

თქვენი განრიგის აწყობა ჯობია მაშინვე დაიწყოთ, როგორც კი ცხრილები დაიდება და გირჩევდით, ამოწერილი გქონდეთ ყველა ლექტორის სახელი და გვარი პრიორიტეტების მიხედვით. ჯგუფების საათებსა და დროებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რომელიმე ლექტორის რომელიმე ჯგუფი გაწყობთ, მთავარი ისღა რჩება, რომ ამ ლექტორის ნებისმიერი ჯგუფის არჩევა მოასწროთ, რადგან ამ საკითხს ძალიან გაგებით ეკიდებიან და ყველა მაქსიმალურად ცდილობს სტუდენტებს ხელი შეუწყოს, შესაბამისად სხვა ჯგუფში სიარულის პრობლემა ნაკლებად შეგექმნებათ.

       სემინარები ეცადეთ არ გააცდინოთ. ლექციები იმდენად მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ კარგს იზამთ, თუ დაესწრებით – პირველი კურსისთვის ბევრ სასარგებლო რამეს გაიგებთ. უშეცდომო არავინაა და თუ ლექტორმა ქულა არასწორად შეიტანა, ანდაც სულაც დაავიწყდა, უხერხული არ იქნება, თუ ამის შესახებ შეახსენებთ და ბაზების დახურვამდე შეატყობინებთ. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია და ნუ დაკარგავთ იმის გამო, რომ გერიდებათ ან არ გინდათ ზედმეტად შეაწუხოთ და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ რომელიმე საგანში მასალას ვერ იგებთ, შეგიძლიათ სხვა ლექტორის სემინარებს და ლექციებსაც დაესწროთ, ხანდახან უარზე არიან ხოლმე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, პირიქით – უხარიათ. ამიტომ არავინ დაზოგოთ, კონსულტაციების საათებიც მაქსიმალურად გამოიყენეთ. შეისრუტეთ ყველანაირი ინფორმაცია და ლექტორებს აახსნევინეთ, გაამეორებინეთ, დააღეჭინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს საბაზისო საგნები შეგნებულად გესმოდეთ. მერე უკვე მთავარი მონდომებაა მხოლოდ, რთული და შეუძლებელი – არაფერი. ეს ის რჩევებია, რომლებიც მე პირადად ძალიან გამომადგა და ვისურვებდი, სწავლის დაწყებამდეც მცოდნოდა. ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ.