ჩამოსული სტუდენტის ქრონიკები

როდესაც online.naec.ge-ზე გაზეპირებული მონაცემები ავკრიფე და გულის ფანცქალით შევხედე უნივერსიტეტს, მაშინ მივხვდი რომ ან ძალიან გამიმართლა ან „ძაან მომეხაზა“. აუდიტორია 115-ის გამოსვლებით დაშინებულს და გაზეპირებული ფრაზის „თსუ მხოლოდ სახელია დარჩენილი“ მოსმენით დაღლილს ერთი პერიოდი ისიც კი მქონდა გადაწყვეტილი თავართქილაძეში ჩამებარებინა და მტკიცედ ვუმეორებდი მშობლებს, რომ სწორად ვიქცეოდი. თუმცა ბოლოს თსუ-ს ისტორიამ და მშობლების გაბედნიერების სურვილმა თავისი ქნა და პირველ ადგილას ჩემი, აწ უკვე უსაყვარლესი, უნივერსიტეტი გადმოვიტანე, რასაც წამითაც არ ვნანობ.

  სწავლის დაწყებამდე სამი-ოთხი დღე იქნებოდა დარჩენილი საბოლოოდ რომ დავმკვიდრდი ბინაში და მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყებოდა. 26 სექტემბრის დილას მონდომებით წამოვხტი ფეხზე და არც კი მახსოვს როგორ მივაღწიე უნივერსიტეტამდე. იმდენად დაბნეული ვიყავი, მიწისქვეშა გადასასვლელი ვერ დავინახე და სამშობლოსთვის თავდადებული კამიკაძესავით გადავწყვიტე ქუჩის გადაკვეთა, როდესაც ჰორიზონტზე ჩემი ბავშვობის მეგობარი გამოჩნდა(https://giphy.com/gifs/model-naomi-campbell-catwalk-3xz2BzIY0GXnOX4mFG/fullscreen ზუსტად ასე მოდიოდა გეფიცებით) და „შენ გოგო ნორმალური თუ ხარ“ მზერით ისე დამცხრილა მიმიქარავს კალაშნიკოვი და M16. არადა ქუჩაში ისე მონარნარებდა ამაზე იყო ნათქვამი;-„მოდის და მოაქვსო“ რა..

დაბნეულმა მივაღწიე პირველ კორპუსამდე, როცა ახალი შოკი მივიღე და მივხვდი – თურმე ორი წიხლით დარტყმა მხოლოდ ფილმებში არაა შესაძლებელი და თავი ინდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირად წარმოვიდგინე. აუდიტორია 115-ის ერთ-ერთმა წევრმა საოცარი სიმარჯვით გადათელა გამომსვლელი და მიკროფონს ისე ჩაეჭიდა გეგონებოდა ევერესტის წვერზეა და საქართველოს დროშას აფრიალებსო, ჩემი სახე კიდევ არაფრით განსხვავდებოდა ამ სურათისგან.

პირველი კორპუსის ეზოდან ისე გამოვედი თავს ვარწმუნებდი – ნუ გეშინია ვერა, არ ხარ „ბაევიკში“ და გაეშურე მესამე კორპუსისკენ სანამ კიდევ რამე მომხდარა-მეთქი. ვინც თსუ-ს სტუდენტია მიხვდება, პირველი კორპუსიდან მესამე კორპუსამდე 300 მეტრი ძლივს იქნება, მაგრამ იმდენად დაბნეული ვიყავი, მინიმუმ სამჯერ მაინც ვიკითხე მესამე კორპუსი საით იყო, ცნობილ ჟირაფებიან კაფეს რომ მივადექი, თავი სახლში მეგონა და თამამად მივაშურე ცნობილ „არკას“. მივიხედე, მოვიხედე, იქ კი პატარა სკოლასავით შენობა დამხვდა, არადა როგორ მეგონა რომ ესეც სხვა კორპუსებივით მედიდური და ისტორიით სავსე იქნებოდა. თუმცა პირველივე დღესვე „მახარეს“, ამ შენობაში ადრე საგიჟეთი იყო და გალაკტიონიც ამ ფანჯრებიდან გადახტაო, დიდი მადლობა დამშვიდებისთვის-მეთქი და გავაგრძელე გზა, პრინციპში რა გზა, მაქსიმუმ 60 კვადრატი იყოს მთელი მესამე კორპუსის ეზო. როცა პირველად დავჯექი ლექციაზე და ბავშვებს გადავხედე, მაშინვე გახდა ცხადი თუ ვინ იყო „ჩამოსული“ და ვინ „კარენოი თბილისელი“ ,თუმცა, მადლობა ღმერთს, გამიმართლა კურსელებში და არასდროს ყოფილა იმის გარჩევა ვინ ჩამოსულია და ვინ არა. იქ მყოფი პირველკურსელებიდან ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა – თვალებში ჩამდგარი შიში და მოლოდინი. სწავლის პირველივე დღეს გავიგე „ბოტასას“ შესახებ და როცა პირველი შუალედური მოახლოვდა, ლამის მუხლისჩოქვით მივმართე ღმერთს – ოღონდ ეგ არ შემხვდეს დამკვირვებლად და არც ერთ ლექციას არ გავაცდენ-მეთქი. ჩემი უიღბლობის ამბავი საქვეყნოდ ცნობილია და პირველივე გამოცდაზე ბოტასა თავზე რომ დამადგა ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივხვდი რომ ეს ის „ბოტასა“ იყო, რომელსაც თვალებში რენტგენი და სულში ჩამწვდომი მზერა აქვს (არ ვხუმრობ, თქვენი სულის ყველაზე ბნელ კუთხეებს მიწვდება და სანამ თქვენ იფიქრებთ რომ უნდა გადაიწეროთ მას უკვე ეცოდინება), თუმცა მასზე შემდეგ ბლოგში უფრო ვრცლად მოგიყვებით.

ახლა კი შეძლებისდაგვარად იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ჩამოსული სტუდენტი, თან თსუ-ში:

 

მოკლედ, რას ნიშნავს იყო ჩამოსული სტუდენტი? – პირველ რიგში ეს ნიშნავს დამოუკიდებლობას.

რას ნიშნავს იყო თსუ-ს ჩამოსული სტუდენტი? – ეს ნიშნავს რომ მოხვდე ძალიან ნიჭიერი, წარმატებული და მიზანდასახული ხალხის საზოგადოებაში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ ზრდას.

მერწმუნეთ, აქ არავინ უყურებს თქვენს ჩამოსულობას, მთავარია იყოთ კეთილი, კარგი ადამიანი, ისწავლოთ კარგად და არავის „პრატექტორობა“ არ დაგჭირდებათ ისე იშოვით სამსახურს.

თსუ-გაძლევთ ცოდნას, რამდენად მიიღებთ ეს თქვენი საქმეა.

ჩემთვის, თსუ-ს ჩამოსული სტუდენტისთვის, ჩემი უნივერსიტეტი ყველაზე თბილ გრძნობებთანაა კავშირში, არასდროს მიგრძვნია განსხვავება ჩემსა და კურსელებს შორის, უნივერსიტეტგარე აქტივობებშიც ჩვეულებრივ ვიღებ მონაწილეობას და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფერს ნიშნავს იყო ჩამოსული, მთავარია იყო მშრომელი და მიზანდასახული. ცოტა გრძელი კი გამომივიდა, მაგრამ ალბათ მომავალში გამოვასწორებ.

არ შევცდები თუ ვიფიქრებ, რომ ამ ბლოგის მერე „თვითობის“ წევრობას დამაბრალებენ და სოროსის ფულებსაც მიხსენებენ, მაგრამ ამას ვწერ თსუს რიგითი ბედნიერი სტუდენტი, რომელიც ამაყობს საკუთარი არჩევანით.

შენ კი, ჩემო მკითხველო, თუ ამ ბლოგს კითხულობ და ჯერ კიდევ ფიქრობ აირჩიო თუ – არა თსუ, გეტყვი, რომ აქ ჩაბარებით შენს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებ, მაგრამ მჯობნზე მჯობნი არ დაილევაო- უთქვამს ბრძენს და, რა თქმა უნდა, არსებობს უნივერსიტეტები სადაც თსუ-ზე უკეთ ასწავლიან კონკრეტულ პროფესიას, საერთო ჯამში კი ჩვენი უნივერსიტეტი მაინც ლიდერია.